logo_geo
eng_logo
მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება
- +

24 ოქტომბერი. 2017. 13:24



მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების" შტაბზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაჭრილების მდგომარეობა, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან, გაუმჯობესებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს" მარნეულში მდებარე საავადმყოფოს „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განუცხადა, მართვით სუნთქვაზე მხოლოდ მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა უკეთესია. მეორე დაჭრილი კი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკეთესია. მისივე თქმით, ორივე პაციენტთან მიმართებაში მთლიანობაში, დინამიკა დადებითია.


ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან 19 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა.


საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner