logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: შეუშლელი კაცი!
- +

24 ოქტომბერი. 2017. 14:40


შეუშლელი კ ა ც ი!!!

******************************


დღეს ჩვენ სამეგობროში ლამაზი დღეა: დავით სალარიძეს 70 წელი შეუსრულდა.


დარწმუნებული ვარ, ბევრს, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს გაუხარდება ეს ამბავი, რამეთუ დათო სალარიძე სიკეთით სავსე კაცია და მის სახელთან დაკავშირებული იყო და არის უამრავი კეთილი საქმე. მათ შორის სახელმწიფოც და პიროვნულიც!


დავითი ცნობილ ოჯახში გაზრდილი და ჩამოყალიბებული პიროვნებაა. დედისგან - ქალბატონ თინასგან ჩანერგილ ზნეკეთილობას პირადი მაგალითით აღვივებდა მამამისი - ვახტანგ სალარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, ათეული წლები რომ იყო ვარსკვლავი მუსიკალური კომედიის თეატრისა. თუ მოიძებნება ბატონი ვახტანგის ტელეინტერვიუ, თავის დროზე თამაზ ტყემალაძემ რომ ჩამოართვა „პირველი არხისთვის", ახალი თაობა დარწმუნდება, როგორი უნდა იყოს ინტელიგენტობის და ვაჟკაცობის ნაზავი, უნიჭიერესი და პიროვნული ღირსებებით შემკული ქართველი რაინდი.


კვიცი გვარზე ხტის!


სცენზე მაინც მოუწია შვილს გამოჩენა, ოღონდ არა ხელოვნების, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სცენის წამყვან როლებში „სათამაშოდ".


და შვილმა აქ მართლა მიაღწია იმას, რაც პირადად ჩემში, დღემდე იწვევს უაღრესად სასიამოვნო გაკვირვების პარალელურად, უბრალო, ადამიანურ აღტაცებას. და ვინმეს ეს შეფასება რომ არ გაუკვირდეს, აქვე ავხსნი: საბოლოო ჯამში გასაოცრად განსხვავებული მოღვაწეობის მრავალმხრივობა და ადეკვატური კომპეტენცია, პლუს უმაღლესი ადამიანური თვისებების შენარჩუნება და ამ მხრივ არცერთი უკანდახეული ნაბიჯი!


შეადარეთ განვლილი გზა და თავად განსაჯეთ, რამდენადაა შესაბამისი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება იმ „მოხელის" მიმართ, რომლის ბიოგრაფიაშიც ამოიკითხავთ:


„- ქალაქის პოლიციის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალი და...


- სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწე ეროვნული უშიშროების დარგში და ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი...


- საგადასახადო სამსახურის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და...


- საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე და..."


დიახ, თავისი თაობის, მამების პლეადის მოღვაწეების, ხელქვეითების უთბილესი, გულწრფელი პატივისცემით სარგებლობდა სახელმწიფო სტრუქტურების უაღრესად პრინციპული ხელმძღვანელი, სახელმწიფო ინტერესების უკომპრომისო დამცველი, კანონის ძალით და მისი ადეკვატური მეთოდებით, ხმალამოწვდილი რომ ებრძოდა დანაშაულს (და არა „დამნაშავეებს", ანუ ადამიანებს), სახელმწიფოს სასარგებლოდ რომ „ამოქაჩავდა" (ანუ, წაართმევდა) და ავსებდა ღატაკ ბიუჯეტს ყველაზე „გაჭირვებულ" წლებში და...


დიახ, სალარიძის გუნდის მოქნილი, კომპეტენტური, დროის მოთხოვნებისა და ვითარების ადამიანური გაგებით სავსე საქმიანობა „აცოცხლებდა" ისედაც მიზერული ხელფასების მქონე რიგით მოხელეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და კიდევ უფრო უარეს დღეში მყოფ პენსიონერებს. და ეს იყო ცნობილი „ზევითაც" და „ქვევითაც". და როგორც ყოველთვის, ზემოთაც და ქვემოთაც მრავლად ყავდა მოყვარულიც და მოშურნე, დამფასებელიც და გამკილავიც... ეს კლასიკაა!


სწორედ ეს მოსაზრება იყო გადამწყვეტი ედუარდ შევარდნაძისთვის, როცა იგი რეკომენდაციას უწევდა დათო სალარიძეს საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე.


ბევრს გაუკვირდა მაშინ ეს „სალტო-მორტალე" და არც დაუფარავს ეჭვი იმის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელი იყო პოლიციის გენერლის და „გადასახადების უმაგრესი ამკრეფის" ადამიანთა უფლებების დამცველად „გარდაქმნა"". შევარდნაძეს სჩვეოდა ასეთი „ორიგინალური" ნაბიჯები და, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გათვლის სისწორეში, რამეთუ სახალხო დამცველობა ჩვენში სრულიად ახალი ხილი იყო და პირველად გზის გამკვალავად, ანუ მოქალაქის უფლებების ყველაზე მთავარ დამრღვევებთან - ძალოვან და სასამართლო სტრუქტურებთან „ყალყზე დადგომას" სუსტი, არაკომპეტენტური, მხდალი პერსონა ვერ შეძლებდა და ამისთვის საჭირო იყო სწორედ ისეთი მებრძოლი, გონიერი ადამიანი, რომელმაც არა მარტო იცოდა „მუნჯის ენა", არამედ მოყელყელავე და ყოყლოჩინა ტიპაჟს საკუთარ ადგილს მიუჩენდა.


მიუჩინა კიდეც და ჩაუყარა საფუძველი ამ ინსტიტუტის ანგარიშგასაწევ ავტორიტეტს. და თუ ვინმეს ახლა პრეტენზია აქვს უჩა ნანუაშვილისადმი, ამაში სალარიძეს ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის.


ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად ისიც გასახსენებელია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს ფუნქციონირებისთვის პირველივე ნაბიჯებიდან სჭირდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, სწორედ სალარიძეს უნდა უმადლოდნენ მისი ამ პოსტზე მემკვიდრენი იმ „კომფორტს", რომელიც მათ მაჩაბლის ქუჩაზე დახვდათ, ბერიასა და კომკავშირის ყოფილ სასახლეში და რომლის გამოხსნაც მწერალთა კავშირის თავკაცის თამაზ წივწივაძის „კლანჭებიდან" არც ისე ადვილი გახლდათ.


რაღამც პირველ გზამკვლევის და „შენობის" თემა ამოგვივარდა, ისიც გასახსენებელია, რომ ახლა არსებული საგადასახადო სისტემაც პირველად დათო სალარიძის თავკაცობით ჩამოყალიბდა და მისი მაშინდელ „შენობებში" განთავსებაც დათოს „სინდისზე" იყო, რამეთუ დედაქალაქს და რეგიონებს მასზე უკეთ, ალბათ, ცოტა ვინმე იცნობდა...


კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ 70-წლიანი იუბილე არ არის სახუმარო საქმე და მეპატიება. მით უმეტეს, ორი უნიკალური შემთხვევა უნდა გავიხსენო, რომლის მსგავსი ზოგს ალბათ არც გაუგონია, ზოგისთვის კი იშვიათ გამონაკლისად რჩება:


არეული წლებია. ჯერ „პუტჩი"... სამოქალაქო ომი. უაღრესად დაპირისპირებული ვითარება... ძმათა სისხლი იღვრება... კანონიერი პრეზიდენტის მომხრეები პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს აკონტროლებენ... ამ დროს სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში რას უნდა აკეთებდეს, გარდა იმისა, რომ ცდილობს ამ უბედურებების თავიდან აცილებას და ამისთვის ერთადერთ გზად მოლაპარაკებები მიაჩნია. ასეც არის.


და ერთ მშვენიერ დღეს მას და მის რამდენიმე კოლეგას „აჯანყებულნი" ატყვევებენ, მძევლად იტოვებენ და... არ მინდა დეტალებზე საუბარი, ამ ტყვეობამ კარგა ხანს გასტანა. ასე იყო თუ ისე, დამთავრდა და...


გავიდა ხანი, იმ ოჯახს, რომელშიც ტყვე დათო სალარიძეს მალავდნენ, პრობლემები შეექმნა. და მას გამოუჩნდა ერთადერთი მფარველი... ტყვედნამყოფი დათო სალარიძე. ეს მფარველობა „ყველაფერს" გულისხმობდა და... ახლაც გრძელდება.


და ერთიც: როცა ციხეში აღმოჩნდა ლოთი ქობალია, რომლის განკარგულებითაც (ალბათ) დაატყვევეს სალარიძე და მისი კოლეგები, ძალიან გაუჭირდა მის ოჯახს და... როგორ გგონიათ, ლოთიმ დახმარებისთვის მიმართა ვის?... გონიერებო, სწორად მიხვდით: კი, დათო სალარიძეს და... არც შემცდარა.


დეტალები სხვა დროს. აქ კომენტარები უადგილოა. ისევე, როგორც იმის შესახებ, თუ რა ზნეობრივი და ღირსეული პასუხი გასცა ერთ „ყოფილ ბოსს", უსამართლოსა და ბოღმაჯერარგალეულს იმ არაკაცობისთვის, რომლითაც რამდენიმე წლით „დაამუხრუჭა" სახელმწიფო აზროვნებითა და ქვეყნის სასიკეთო საქმეებით დატვირთული ახალგაზრდა კაცის ცხოვრება.


ანუ, დასკვნა ერთია: სახელმწიფო სამსახურს, პოლიტიკურ მოღვაწეობას, პრინციპულობას, სახელმწიფო ინტერესების დაცვას, მოქალაქეობრივ პოზიციაზე მუდმივ დგომას, ხელს სულ არ უშლის უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანურობა!


მხოლოდ ერთი პირობით: ეს ადამიანურობა უნდა გაგაჩნდეს! ისევე, როგორც ღირსება!!! ეს ზნეკეთილობა ოჯახიშვილობიდან მოდის, სინდისი, წესიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, უანგარო მეგობრობა, უღალატობ, ქვეყნის ერთგულება, პატრიოტიზმი ისეთივე მუდმივი ზნეობრივი კატეგორიებია, როგორიც დედაშვილობა.. მამაშვილობა.. დედმამიშვილობა!!!


როცა ეს თვისებები გაქვს გათავისებული, როცა ღირსეული კაცის ამ პრინციპებით ცხოვრობ, არაფერი(!!!) შეგეშლება (!!!) არც ოჯახთან, არც სამეგობროსთან, არც საქმესთან, არც ქვეყანასთან.


დიახ, არ შეგეშლება! არასოდეს!..


ჰოდა, ამ პრინციპების შემხედვარე, 45-წლოვანი დაკვირვების შედეგად შეუმცდარად მისული ვარ ერთ საბოლოო, ურყევ დასკვნამდე: არაერთ ადამიანთან (მათ შორის ჩემთან) კოლეგიალური ურთიერთობიდან დაუფარავ ახლობლობასა და მეგობრობაში გადაზრდილი ურთიერთობის სულის შემბერი კაცი, ჩემი უმცროსი ძმა, 70 წლის დათო სალარიძე შეუშლელი კაცია. აბსოლუტურად!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner