საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მედიასაშუალებებში, „ქართული ოცნების" სიის ახალ სახეებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიის ახალ სახეებთან დაკავშირებით, ჭორებზე იყო დაფუძნებული და კარგი იქნებოდა, სია „ქართულ ოცნებასთან" გადაემოწმებინათ.
„არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მინდა, მოვუწოდო ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ამას თვითონ პარტია „ქართული ოცნება" აცნობს საზოგადოებას თქვენი საშუალებით. „რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული სია სიცრუეზე იყო დაფუძნებული, შეგეძლოთ პარტია „ქართულ ოცნებასთან" გადაგემოწმებინათ და არა ჭორებზე დაფუძნებული და ყურით მოტანილი თემები გაგევრცელებინათ", - მიმართა კალაძემ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" სიის ახალი სახეები იქნებიან:
თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი უძილაური, მიხეილ დუნდუა, ირაკლი კობახიძე, ლევან კალანდაძე, რამილია ალიევა, ვასილ მაღლაფერიძე, ირაკლი ლექვინაძე, ზაზა გაბუნიაა, ჯაბა სამუშია. სიის პირველი ნომერი კი მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.