ავტორი ნინი ჩოქური
მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში, თბილისის ახალარჩეულ მერთან კახა კალაძესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ კალაძე ხალხის ნდობას გაამართლებს. აქვე მსახიობმა თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია შეაფასა.
„2012 წლის არჩევნები რომ იყო, კახი კალაძე სამტრედიაში გადიოდა მაჟორიტარად. სამტრედიელი ვარ, მაგრამ კახას არ ვიცნობდი. დამირეკეს და მთხოვეს, ჩავსულიყავი სამტრედიაში და წარმედგინა კახა ამომრჩევლის წინაშე. ჩავედი, მე და ბატონი ბიძინა ავედით სცენაზე და პირველად ნდობა იქ გამოუცხადა მან კახას. კახამ ეს ნდობა გაამართლა. ის ძალიან ნიჭიერი კაცი აღმოჩნდა.
შემდეგ, როცა მინისტრად დაინიშნა, ზოგიერთები სკეპტიკურად უყურებდნენ, ფეხბურთელი მინისტრობას როგორ შეძლებსო და მაშინ ბატონმა ბიძინამ მათ უპასუხა, რომ კახა ნიჭიერი ადამიანია და ყველაფერს ისწავლიდა. ასეც მოხდა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მერის პოსტზეც გაამართლებს. მის წინასაარჩევნო ყველა პრეზენტაციას დავესწარი, მან შესანიშნავი პროგრამა წარმოადგინა.
რაც შეეხება დავით ნარმანიას, მას დარჩა დაწყებული საქმეები, რომელსაც ახლა უკვე ალბათ კახი დაასრულებს. დავითს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ვინც კრიტიკულად იყო მის მიმართ განწყობილი, იმათაც კი ვერ მოუბრუნდათ ენა, რომ მის პატიოსნებაზე რამე ცუდი ეთქვათ", - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.