ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ტელეჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ჰკითხა: „აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა და „ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნეს ანგარიშები, სადაც მწვავედ არის შეფასებული „რუსთავი 2"-ის საქმე. ის ფაქტობრივად კვალიფიცირებულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ამ პერიოდში თქვენ იყავით საგარეო საქმეთა მინისტრი, სწორედ თქვენ გევალებოდათ საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობა და დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერში ნეიტრალური მხარე იყო და ეს არის კერძო დავა. თქვენ ეს საბედნიეროდ და სამართლიანადაც ვერ შეძელით. რატომ? აქ არის თქვენი კვალიფიკაციის პრობლემა თუ სინამდვილეში თვითონაც არ გჯეროდათ ამ ყველაფრში ხელისუფლების ნეიტრალურობის და ამიტომაც ვერ დააჯერეთ სხვები ამაში?"
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მას არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა მაღალი რანგის ევროპელ ჩინოვნიკებთან, რათა გამოეგზავნათ სპეციალური ჯგუფი საქართველოში, რომელიც „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.
„მე ვერ დავაკვალიფიცირებდი, რომ ეს იყო მედიასაშუალებებზე შეტევა. საქართველოში მედიაზე ზეწოლა გაცილებით მძიმე ჩვენ წარსულში გვინახავს. არ მგონია, თქვენ გულში გჯეროდეთ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან მედიასაშუალებების ხელში ჩაგდების მცდელობა. ვფიქრობ, შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები სასამართლოს მხრიდან გამჭვირვალობის კუთხით იყო, არ მოხდა თავიდანვე უზრუნველყოფა მიღებული გადაწყვეტილებების. მე გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო საბჭო არასამთავრობოებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას. მე ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, თქვენი სარედაქციო პოლიტიკა არის ტენდენციური. მინდა გითხრათ, რომ ამას ჩვენი მოქალაქეები ხედავენ. არ მგონია, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს. ეს რომ ასე იყოს, ალბათ, დღეს სხვა გადაცემები იქნებოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.