„მოსვლის დღიდან მთავარი, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, ისაა, რომ მან მოახერხა, დაამშვიდა და შედარებით მოხსნა კონფრონტაციული სიტუაცია", - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში" პრემიერ-მინისტრის განვლილი 107 დღე.
ქანთარიას თქმით, პრემიერმა კვირიკაშვილმა, ქვეყანაში არსებული გამწვავებული ვითარების ფონზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეძლო.
„ყველამ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი საკმაოდ მცოდნე, პროფესიონალი, გაწონასწორებული პიროვნებაა და ამასთან საკმაოდ გამოცდილი, რაც წაადგება იმ საქმეში, რასაც ახლა აკეთებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან მოაწყო შეხვედრები არასაპარლამენტო პარტიებთან და სხვებთანაც, რაც ადრე ვერ ხერხდებოდა. მოახერხა კომუნიკაციების დამყარება პრეზიდენტთან. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დადებითია, იმ ყველაფრის ფონზე, რაშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებოდით. ჩვენ ფაქტიურად აღელვებულ, გამწვავებულ რევოლუციურ სიტუაციაში ვიმყოფებოდით", - აღნიშნა ქანთარიამ.
წამყვანის კითხვაზე, თუ რა შეიცვალა, მითუმეტეს, რომ ღარიბაშვილზე სულ ისმოდა განცხადებები, რომ ის სუპერპრემიერია - ქანთარია პასუხობს, რომ მისი მხრიდან ახალი პრემიერის ქება არ ნიშნავს იმას, რომ ის ძველს უსვამს ხაზს.
„ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ის ძალიან რთულ დროს მოვიდა, 2012 წლის, ფაქტობრივად რევოლუციური არჩევნების დროს. ის შეუდგა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მან მოახერხა იქ არსებული რთული მდგომარეობის დალაგება. შემდგომ, პრემიერ-მინისტრობის დროსაც შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ, ჩვენ მოგვყვებოდა გარკვეული აურა და გიორგიმ შეძლო ამის შეცვლა, ის დინჯად მიდის, რაც ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს მაშინვე შეუძლებელიც კი იქნებოდა, შესაბამისად ახალი პრემიერის ქება არ ნიშნავს იმას, რომ ამით ძველს ვუსვამდე ხაზს", - აღნიშნა ქანთარიამ.
ქანთარიას შეფასებით, კვირიკაშვილი ის ადამიანია, რომელსაც არ მოერიდება, საჭიროების დროს მიიღოს რჩევები, თუნდაც ბიძინა ივანიშვილისგან.
„ყველანი ვართ დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ამომრჩევლებზე. ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი დამოუკიდებელია ივანიშვილისგან. ამავე დროს კი მას აქვს იმის ნიჭი და უნარი, რომ თუ რაიმე საკითხავი აქვს, ჰკითხოს ივანიშვილს, ამას არ გამოვრიცხავ. მას არ მოერიდება ვინმესგან რჩევის მიღების", - განაცხადა ქანთარიამ.