logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: კახა კალაძეს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, რომ...
- +

25 ოქტომბერი. 2017. 01:35


პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორთან" თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის პერსპექტივებსა და მოქმედი მერის დავით ნარმანიას მოღვაწეობაზე ისაუბრა.

 

„კახი არის საკმაოდ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მას არ აქვს დიდი პოლიტიკური გზა გავლილი, თუ არ ჩავთვლით ბოლო ხუთ წელიწადს. ამავდროულად, კახიმ თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო საკმაოდ მაღალი თანამდებობით და საკმაოდ დიდი ტვირთით, რასაც ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობა ჰქვია. აქედან გამომდინარე, მერის პოსტი არის საკმაოდ სერიოზული ტრამპლინი მისთვის.

 

იყო ამხელა ქალაქის მერი, ნიშნავს იმას, რომ თუ კახი იქნება კარგი მერი, მთელი მისი დარჩენილი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე ეყოლება ელექტორატი, რომლისთვისაც ის ყოველთვის იქნება მისაღები. პოლიტიკაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთგული ელექტორატი პოლიტიკოსის ცხოვრებას განსაზღვრავს. მაგრამ თუ იქნება ცუდი მერი, ის დაკარგავს ამომრჩეველს, რომელიც აუცილებლად დასჭირდება სამომავლოდ, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კახა კალაძეს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, რომ არ იყოს კარგი მერი.

 

კალაძემ წინასაარჩევნოდ სერიოზული პროგრამა წარმოადგინა. ეს არის პუნქტობრივად გაწერილი გეგმა, რომელიც მან ორი თვის განმავლობაში გააცნო თბილისის მოსახლეობას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, თვალყური ვადევნოთ, როგორი მერი იქნება კახი კალაძე.

 

რაც შეეხება დავით ნარმანიას, შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად წესიერი მერი იყო. მისი წინამორბედი მერის გიგი უგულავასგან განსხვავებით, ის არ ცდილობდა ფასადური მშენებლობებით და აჭრელებული შენობებით საზოგადოების გაბრიყვებას და თვალებში ნაცრის შეყრას. ნარმანიამ, ცუდი მემკვიდრეობის გამო, ბევრი რამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, მაგრამ გადადგა  სერიოზული ნაბიჯები. წამოიწყო გარკვეული მშენებლობები, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ კი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა განადგურებული ტერიტორიის რეაბილიტაციისათვის.

 

დავით ნარმანიამ, როგორც თბილისის მერმა, დატოვა ბევრი კარგი რამ გასახსენებელი და შემიძლია ვთქვა, რომ მისგან არცთუ ისე ცუდი საფუძველი დახვდება კახი კალაძეს", - განაცხადა ხოფერიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner