logo_geo
eng_logo
სერგეი შამბა: ჩვენ სავსებით მომთმენნი ვართ იმისთვის, რომ ლოდინი შევძლოთ
- +

16 აპრილი. 2016. 11:46


საქართველოს ფედერაციულ მოწყობაში აფხაზეთი განსაკუთრებული სტატუსით, დევნილთა დაბრუნება, რკინიგზა, სოხუმის პოზიცია თბილისის მიმართ - შეცვლიდა თუ არა დამოკიდებულებაში რაიმეს, 2006 წლის ვიზიტი თბილისში და ჩამოტანილი დოკუმენტი - „ლაივპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს პარტია „ერთიანი აფხაზეთის" თავმჯდომარე და აფხაზეთის პარლამენტის წევრ სერგეი შამბასთან.


- ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო თბილისის შეთავაზებით სოხუმისთვის, რომ მზად არიან, განიხილონ ფედერაციული მოწყობის საკითხი - ევროპული მოდელი, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. როგორ შეაფასებდით ამ წინადადებას და თუ არის მოსალოდნელი, მსგავს ინიციატივაზე სოხუმში იმსჯელონ, ან საკუთარი ვერსია წარმოუდგინონ თბილისს?


- აფხაზური მხარის რეაქცია შეიძლება იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი - ფართო ავტონომიის, ერთობლივი სახელმწიფოს, ფედერაციისა და კონფედერაციის შესახებ შეთანხმებები შესაძლებელი იყო მხოლოდ და ეს განიხილებოდა კიდეც ომამდე და მისი დასრულებისთანავე. ქართული მხარე უარს ამბობდა ნებისმიერი კომპრომისული წინადადების განხილვაზე. ახლა კი, როგორც იტყვიან, მატარებელი უკვე წასულია. 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებით, საქართველო, ფაქტიურად, ცალმხრივად გავიდა ყველა მოლაპარაკებიდან, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პროცესის კიდევ რამდენიმე მონაწილემ მიბაძა. დიახ, ჯერ ისინი ცოტანი არიან, მაგრამ განა ცოტაა ბოლო ათწლეულის მსოფლიო პრაქტიკაში მომენტები, როდესაც აღიარება შეზღუდულ ხასიათს ატარებს? მაგალითად, ავიღოთ კოსოვო, ჩრდილოეთ კვიპროსი, პალესტინა. ამჟამად, ყველანაირი მსჯელობა ფედერაციული მოწყობის შემოთავაზების თაობაზე არათუ მიმავალი, არამედ უკვე წასული მატარებლის საფეხურზე შეხტომის მცდელობაა.


ჩვენი პოზიცია ნათელია - ქართულ -აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიღწევა მხოლოდ საქართველოსა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სახელმწიფო - სუბექტებად ურთიერთაღიარების, სოხუმსა და თბილისს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ეს პირობები მთელი აფხაზური საზოგადოებრიობის კონსენსუსის შედეგია, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ჩვენ გვესმის, რომ ქართულ მხარეს სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დარეგულირებაზე, და რომ ეს წარმოდგენა დიამეტრალურად განსხვავდება ჩვენი პოზიციისგან. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც ორივე მხარემ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები მტრობისა და კონფრონტაციის დასაძლევად. საჭიროა ფიქრი არა ტერიტორიის დაბრუნებაზე, არამედ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე. ვფიქრობ, ქართული მხარის ასეთ პოზიციას აფხაზური საზოგადოება ადეკვატურ პასუხს გასცემს. დრო სულ უფრო და უფრო გვაშორებს ერთმანეთისგან, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოში გაჩნდებიან პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც შეძლებენ, ისევე როგორ თავის დროზე ეს შარლ დე გოლმა გააკეთა, როცა ალჟირი აღიარა, ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმას. აფხაზური მხარე კი, და მე ამაში დარწმუნებული ვარ, გზის თავის მონაკვეთს გაივლის. როგორც ჩანს, ეს დრო ჯერ არ დამდგარა.


თუმცაღა, ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ 1934 წლამდე არ აღიარებდა საბჭოთა კავშირს, ხოლო შემდეგ, სწორედ ეს ორი ქვეყნა გახდა გაერო-ს და ფაქტიურად, თანამედროვე მსოფლიო წყობის შექმნის ინიციატორი. მეორე მაგალითი: ომის შემდგომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დიდხანს არ სურდა პოტსდამის კონფერენციის მოკავშირეების მიერ დაწესებული პოლონეთის საზღვრების ცნობა. და რით დასრულდა ყველაფერი? 1970 წლის ვარშავის ხელშეკრულებით და გერმანია -პოლონეთის 1990 წლის მოლაპარაკებებით. ანუ, ამ საზღვრების აღიარებით. ასე რომ, დრონი იცვლებიან და ჩვენ სავსებით მომთმენნი ვართ იმისთვის, რომ ლოდინი შევძლოთ.


- თქვენ 2006 წელს იმყოფებოდით თბილისში. ქართული მხარის ცნობებით, ჩამოიტანეთ გარკვეული სახის დოკუმენტი. რა დოკუმენტზეა საუბარი, რომ განგვიმარტოთ. რას მოიცავდა, როგორ იყო მასში წარმოდგენილი სამომავლო ურთიერთობები თბილისს და სოხუმს შორის? იყო მასში საუბარი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რაიმე სახით ყოფნაზე?


- მოდით, აქვე განვსაზღვროთ. მე მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას, თუ ის არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საიდუმლოებას, ან ქართულ, რუსულ თუ ნებისმიერ სხვა მხარესთან, ჩემი მონაწილეობით შემდგარი შეხვედრების კონფიდენციალურ დეტალებს, როდესაც მე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი და პრემიერ - მინისტრი ვიყავი.


აღნიშნული შეხვედრის მოლაპარაკებებში მხოლოდ მე არ ვმონაწილეობდი. ქართული მხრიდან მე ასევე მყავდა პარტნიორები. მაგალითად, ბატონები მენაღარიშვილი, ადამია, ხაინდრავა, იაკობიშვილი, ალასანია და სხვა. მათთან შეთანხმების გარეშე არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ კონკრეტულად რა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა და რა დოკუმენტები მუშავდებოდა.


მე ზემოთ ვახსენე, რომ სხვდასხვა დროს სხვდასხვა პროექტები განიხილებოდა. 2008 წლამდე მოლაპარაკებები ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. მათში აქტიურად მონაწილეობდნენ გავლენიანი ძალები. საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის ბოლო მოდელი, რომელიც ჩვენი განვიხილეთ, რუსეთის ფედერაციის საგარეოს საქმეთა მინისტრის, პრიმაკოვის წინადადება გახლდათ და მეტწილად კონფედერაციული იყო, თუმცა ის სწორედ ქართულმა მხარემ უარყო.


მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - ყველანაირი საუბარი კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე, რომელსაც 1994-2008 წლებში ჰქონდა ადგილი, უკვე ისტორიის სფეროს ეკუთვნის. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ სამუდამოდ დახურა კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტის განხილვის შესაძლებლობის საკითხი, გარდა საქართველო - აფხაზეთის ურთიერთაღიარებისა, რაც უდავოდ იმპულსს მისცემს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის აღდგენას. ჩემთვის ნათელია, რომ ეს ორივე მხარის მთავარ ამოცანად უნდა იქცეს,


- შეიარაღებული დაპირისპირებიდან 23 წელი გავიდა, თუმცა ქართული მხარისთვის დღემდე აქტუალურია დევნილთა დაბრუნების საკითხი. რას გვეტყვით ამაზე? უნდა დაბრუნდნენ თუ არა ეს ადამიანები აფხაზეთში? რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ?


-  გთავაზობთ, დევნილების შესახებ კითხვა ორ ნაწილად დაიყოს. პირველი ეხება დევნილებს აფხაზეთის შიდა რაიონებიდან, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლების შემდეგ დატოვეს. მეორე ნაწილი - დევნილებს გალის რაიონიდან.


რაც შეხება აფხაზეთის შიდა რაიონების დევნილებს, ვფიქრობ, აქ არა მარტო ჩემს აზრს, არამედ მთელი აფხაზური საზოგადოების აზრს გამოვხატავ, მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად. ეს ადამიანები იყვნენ მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკისა, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ხელოვნური შეცვლისკენ იყო მიმართული. მაგრამ, ეს პრობლემის მხოლოდ ნახევარია. მათი უმრავლესობა თავისი აფხაზი, სომეხი, რუსი და სხვა მეზობლების წინააღდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 1992-1993 წლებში, ან გულწრფელად თანაუგრძნობდნენ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთში შეჭრას.


შეუძლია თუ არა ამ მოსახლეობას დაბრუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება იმ ადამიანებთან, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს იმის შედეგად, რაც მოხდა? თბილისში ადგილობრივ რუსებს, ოსებს ან სომხებს ხელში იარაღი რომ აეღოთ ქართველების წინააღმდეგ და გაეძევებინათ ისინი, საინტერესოა, რამდენი ქართველი იქნებოდა ასეთი მოსახლეობის უკან დაბრუნების მომხრე? ჩვენთვის - აფხაზებისთვის - ქართული მოსახლეობის აფხაზეთის შიდა რაიონებში დაბრუნების საკითხი დახურულია. მე ვურჩევდი ე.წ. „დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას", შეეშვან „დევნილების დაბრუნების" თემის ექსპლუატირებას და ადამიანებს ილუზიებით ნუ აიმედებენ.


ახლა რაც შეეხება გალის პრობლემას. გალის მცხოვრებლები (და საერთოდ მთელი იმ ოლქის მოსახლეობა, რომელსაც ისტორიულად სამურზაყანოს უწოდებენ) - ისინი არ არიან მიგრანტები საქართველოდან. ისინი ჩვენი ძირძველი მოსახლეობაა. ჩვენ შევასრულეთ ყველა ჩვენი ვალდებულება ამ ხალხის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. და ეს ეხება როგორც 1992-1993 წლების კონფლიქტის, 1998 წლის „ექვსდღიანი" ომის შედეგებს..


დიახ, ჩვენს საზოგადოებაში დიდი პოლემიკა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ჩავთვალოთ თუ არა გალელები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად, რადგან, მათ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ხოლო ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს შესაბამისი შეთანხმება, თუ უბრალოდ მივცეთ მათ ბინადრობის უფლება? თუმცა, ეს ჩვენი შინაური საქმეა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ვეძებთ. მთავარია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაერთიანებს ყველას - არ უნდა მოხდეს ამ ადამიანების დისკრიმინაცია.

 

-  ეთანხმებით თუ არა თქვენი ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში? ხომ არ შეცვლიდით რამეს? ხედავთ თუ არა პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას სოხუმს და თბილისს შორის?


-  სინამდვილეში არ არსებობს არანაირი განსხვავებული პოზიცია არც აფხაზეთის ხელმძღვანელობის, არც ოპოზიციის, არც ცენტრისტული ძალების, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი და მკაფიო: ჩვენ ვისწრაფვით საქართველოსთან კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისკენ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ურთიერთაღიარების საფუძველზე. სხვა დანარჩენი - დეტალებია.


თუმცა მინდა შევეხო ერთ დელიკატურ საკითხს, რომელიც განიხილება როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. ის ეხება აფხაზური საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებსა და საქართველოს შორის კონტაქტებს. აქ იგულისხმება საქართველოში სამკურნალოდ ჩასვლა. ასევე საზღვრისპირა ვაჭრობის თემა. ასევე, საფეხებურთო მატჩის ტიპის, სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე ვიზიტები. ყოველი ასეთი კონტაქტი თბილისში აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო სოხუმში - საზოგადოებაში კამათის თემად იქცევა ხოლმე. ამიტომ, მე მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - მე ვაცნობიერებ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება.


მე მესმის, რომ არის შერეული ოჯახების გარკვეული რაოდენობა და მათ კავშირები უნდა შეინარჩუნონ. ნორმალურად ვარ ამის მიმართ განწყობილი.


მე მშვიდად ვუყურებ საზღვრისპირა სავაჭრო კავშირების შესაძლებლობას.


გაგებით ვეკიდები იმას, რომ აფხაზეთის ზოგიერთი მოქალაქე თბილისში მიემგზავრება სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, მზად ვარ, პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მთავრობას წავუყენო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების აფხაზეთში მკურნალობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.


რაც შეეხება სხვადასხვა გასართობ მოგზაურობას, ისეთს, როგორიცაა საფეხბურთო მატჩზე დასწრება, აქ ჩემთვის საკითხი მარტივად დგას. პირადად მე, როგორც მოქალაქე, პოლიტიკოსი, აფხაზეთის სახალხო ფორუმ „აიდგილარას" თამჯდომარე, ომის ვეტერანი, ვთვლი, რომ მსგავსი ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, პოლტიკურად და ზნეობრივად გაუმართლებელია. თუკი ჩვენი ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი თვლის, რომ ეს მისაღებია, ეს უკვე მისი საქმეა.


თუმცა ქართველებს უნდა ესმოდეთ, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია აფხაზეთში ჩადენილი დანაშულებისთვის, ქართული მხარის მიერ ბოდიშის მოხდის გარეშე. და, აქ ქართულ მხარეს შეუძლია მაგალითი ევროპისგან აიღოს, რომლისკენაც ის ასე ისწრაფვის. გავიხსენოთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ვილი ბრანდტმა ვარშავის გეტოს მსხვერპლთა ძეგლის წინ მუხლი მოიყარა. თუმცა, ცნობილია, რომ ბრანდტს იოტისოდენა პასუხისმგებლობაც კი არ ეკისრებოდა ნაცისტური რაიხის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. პირიქით, ჰიტლერული რეჟიმის წლებში ის ემიგრაციაში იმყოფებოდა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. საქართველოს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ ერთხელ გამოიჩინა სიმამაცე და აფახაზ ხალხს ბოდიში მოუხადა სტალინისა და ბერიას მიერ მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისთვის. იპოვის თუ არა თავის თავში ძალებს დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობა?

 

- ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა გალის ხუთმხრივი შეხვედრები. რა შეიძლება ამ შეხვედრებისგან მიიღოს თბილისმა და სოხუმმა, როგორ ფიქრობთ? რა პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს თანამშრომლობის განახლებამ კონფლიქტზე?


- ამ შეხვედრებს აქვთ ერთი პრაქტიკული და მნიშვნელოვანი დანიშნულება - ქართულ-აფხაზურ საზღვარსა და გალის ზონაში დაძაბულობის მოხსნა.

 

- ბოლო პერიოდში აფხაზურ საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ რკინიგზის აღდგენის საჭიროებას. როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა აფხაზეთს ეს რკინიგზა და დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის პირობებში მისი აღდგენა ვის მოუტანს სარგებელს?


-  ჩემი პირადი მოსაზრებაა, ღია, გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედება დიდ მოგებას მოუტანს აფხაზეთს, საქართველოს, სომხეთს, რუსეთს. პირველ რიგში ეკონომიკურს. თუმცა, ასეთი მიმოსვლის პერსპექტივას ერთი წინააღმდეგობა აქვს - ეს არის ქართული მხარის პოზიცია, რომელსაც არ სურს, წინასწარი პირობების გარეშე, გამჭოლი მიმოსვლის ამოქმედება. მოდით გადავდოთ გვერდზე აფხაზეთის სტატუსის საკითხი და გავხსნათ რკინიგზა. თუმცა ქართული მხარე თავის პოზიციაზე დგას. ამის გამო კი მესამე მხარე - სომხეთი ზარალდება. სხვათა შორის, ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ კონფრონტაციის დასაძლევად საქართველომ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.


- ქართულმა მხარემ მოსკოვთან სოხუმის მიერ გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება ანექსიად შეაფასა. ამ ხელშეკრულებას გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ წრეებში. როგორ ფიქრობთ, არაღიარების პირობებში (თუ არ ჩავთლით რუსეთს და რამდენიმე პატარა სახელმწიფოს), იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან ინტეგრაცია იზრდება, რა მომავალი აქვს აფხაზეთს?


-  აფხაზეთის მომავალი - სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც, უდავოდ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი იქნება. მის შემდგენლობაში შესვლაზე საუბარი საერთოდ არ არის. სხვა საქმეა, რომ ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობის სინქრონიზაცია რიგ სფეროებში,ზოგიერთ დარგში მისი ლიბერალიზაცია, ჩვენი თავდაცვის სისტემებსა და უსაფრთხოების ორგანოებს შორის კოორდინაციის მექანიზმების შექმნა.


- ოქტომბრის დასაწყისში საქართველოში პარლამენტის არჩევნებია დანიშნული. თქვენი აზრით, აქვს თუ არა სოხუმისთვის მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში? თუ არიან ადამიანები, ვისთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებოდნენ აფხაზები?


-  მართალი გითხრათ, აფხაზეთში ცოტა ვინმე თუ ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამინი საქართველოს მშვიდობასა და პროგრესს უსურვებს, თუნდაც იმიტომ, რომ მოწესრიგებულ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს არ სჭირდება არანაირი რყევები.


წყარო:livepress

right_banner right_banner
არქივი
right_banner