შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 20 პირი ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. პოლიციამ ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები, ასევე, ავტომანქანები დალუქა.
ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).