logo_geo
eng_logo
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
- +

25 ოქტომბერი. 2017. 13:54

 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა.


შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.


კონფერენციაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოძალადეთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიით ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. ამასთან, გამკაცრდა პოლიტიკა მოძალადეთა მიმართ - გაიზარდა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდება) გამოყენების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევები. საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტების - "ადგილობრივი საბჭოს" და "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობისა და შესაბამისად, მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. გამოძიების ეფექტურობის და დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით გადამზადდა სპეციალიზებულ პროკურორთა ჯგუფი, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ ოჯახური დანაშაულის ფაქტების გამოძიებას. ოჯახური დანაშაულის თემაზე გადამზადება გაიარეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათთვის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერით შემუშავდა სახელმძღვანელო - „ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობა", რომელიც დაინერგა პროკურორთა გადამზადების მოდულში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner