logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილი ნამდვილი პოლიტიკური კლოუნია!
- +

26 ოქტომბერი. 2017. 01:07



„უკრაინაში გადატრიალება მინდა მოვახდინო, გადატრიალება გონებაში, პოსტსაბჭოთა ოლიგარქებში, მონობაში, სიღარიბის წინააღმდეგ", - განუცხადა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხს. სააკაშვილის ამ განცხადებას „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" საუბარში გამოეხმაურა.


„მიხეილ სააკაშვილი წარამარა აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის  კიდევ ერთი „მაიდანის" მომხრე, რომ არავითარი გადატრიალება არ უნდა. რა თქმა უნდა, პირადად მისი შანსები არის ძალიან დაბალი, პრაქტიკულად ნულის ტოლი. მისი რეიტინგი უკრაინაში დაცემულია. მართალია, პოროშენკომ იმუშავა როგორც სააკაშვილის „სასარგებლო იდიოტმა" საზღვართან დაკავშირებით. საზღვრის გადალახვა ეს იყო საოცრება, პოროშენკომ ასეთი საჩუქარი მისცა და გაუხანგრძლივა პოლიტიკური ცხოვრება ადამიანს, რომელსაც ორ პროცენტზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდა მანამდე უკრაინაში. მაგრამ კურიოზი არის ის, რომ ავანტიურისტი, დემაგოგი, პოპულისტი სააკაშვილი, რომელმაც სადისტური რეჟიმი შექმნა საქართველოში, უკრაინაში ხშირად ლაპარაკობს აბსოლუტურ სიმართლეს. მართალია, თავისი გეგმებისთვის და არა იმიტომ, რომ მართლა კარგი უნდა უკრაინისთვის. ადამიანი, რომელიც არის ნამდვილი პოლიტიკური კლოუნი, უკრაინაში საკმაოდ ბევრისთვის არის სიმართლის მთქმელი, ვინაიდან პოროშენკოს რეჟიმი არის უაღრესად კორუმპირებული დღესაც. რადა ვერ ახერხებს რეფორმებისთვის საჭირო კანონების მიღებას, რადგან რადაც კონტროლდება კორუმპირებული ადამიანების მიერ. ხალხს პირდაპირ მოსწყურდა, რომ უკრაინა - ასეთი დიდი ქვეყანა - გამოვიდეს ურთულესი კრიზისიდან და ყველგან, სადაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას, პირიქით, ხელს უწყობს კორუფციას და თვითონ ხეირობს, ამით რჩება ნოყიერი ნიადაგი, რომ პოპულისტებმა და დემაგოგებმა იხეირონ", - აცხადებს პეტრე მამრაძე.


პეტრე მამრაძემ აქვე იმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენს.


„რომც მოხდეს რამე, სააკაშვილი ვერ მოვა ხელისუფლებაში, მან შეიძლება ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულოს და ვიღაც ტიმოშენკოსნაირი, პარტიები იქნებიან თუ სხვები, მათ იხეირონ. თუმცა, ამის პერსპექტივაც ჯერჯერობით არ ჩანს. იყო მომენტი, როცა უკრაინაში მისი რეიტინგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე პრეზიდენტ პოროშენკოსი და პრემიერ იაცენიუკის ერთად აღებული, მაშინ, რა თქმა უნდა, უსათუოდ შეეცდებოდა თავისი გავლენის გაფართოებას საქართველოზე, თუმცა, აქ უკვე მისი თანამზრახველები დანაწევრდნენ ფრაგმენტებად. იგივე ბოკერია-უგულავას ფრთა ისეთივე თანამზრახველები არიან, როგორც სხვები. მაგრამ ისინი უკვე ლანძღავენ სააკაშვილს და აკრიტიკებენ. აქვე სხვებიც გამოჩნდნენ. ასე რომ, საქართველოში საყრდენი არ არის. 2012 წლიდან დღემდე 5 წელი გავიდა და ათ პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს. და ეს მხარდაჭერა არანაირად არ იზრდება, თუ არ მცირდება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.  








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner