სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა.
საუბრის მთავარი თემა თებერვალში, ბრიუსელში გამართულ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იყო.
მხარეებმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილი NATO-ს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მინისტრ ხიდაშელთან. ჩვენ კარგი მეგობრები და კოლეგები გავხდით. ვისაუბრეთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს NATO-საქართველოს ურთიერთობა. განვიხილეთ თებერვალში გამართულ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე მინისტრის მიერ შემოთავაზებული ასპექტები. ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა - უკრაინა, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში", - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილება თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტული ასპექტები ვარშავის სამიტის წინ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.