ავტორი ნიკა მუმლაძე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში გადატრიალებას გეგმავს. „გადატრიალება მინდა მოვახდინო გონებაში, პოსტსაბჭოთა ოლიგარქებში, მონობაში, სიღარიბის წინააღმდეგ", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე სააკაშვილის ამ განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში გამოეხმაურა.
„მეეჭვება, რომ სააკაშვილის მუქარა რეალური იყოს, თუმცა შეიძლება იმაზე იყოს გათვლილი, რომ დააშინოს მეტოქე. საეჭვოა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოპოზიციური სპექტრია უკრაინაში. მათთვის მიუღებელია სააკაშვილის წინა პლანზე წამოწევა და რევოლუცია სააკაშვილის მოკავშირეობით. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგადად რევოლუციაც მიუღებელი იყოს მათთვის. მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა პოროშენკომ სააკაშვილს რევოლუციური გზის გაგრძელების საშუალება მისცეს, თუ აქ არ არის რაიმე სხვა ხაფანგი დაგებული. რადგან, შეიძლება სააკაშვილმა აიყოლიოს ხალხი და მერე პოროშენკოს გაუჩნდეს ამ ხალხის ციხეში ჩასმის საბაბი. ამ შემთხვევაში, შეიძლება, სააკაშვილი ტროას ცხენი იყოს ოპოზიციის რიგებში. ასეთი ვერსიაც არსებობს. ასე, რომ სააკაშვილის ეს განცხადება რეალურად რამდენიმე მიზანს შეიძლება ისახავდეს და დღეისთვის ცოტა ძნელია იმის თქმა - რომელს.
თუ სააკაშვილმა უკრაინაში გადატრიალების მოხდენა მოახერხა, საქართველო გაოცებული დარჩება უკრაინით - პირველი გავლენა ნამდვილად იქნება ეს. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ასეთი გადატრიალებაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს ვერსია განვიხილოთ, არანაირი გავლენა საქართველოზე არ ექნება, პრეზიდენტადაც რომ დაჯდეს სააკაშვილი. მხოლოდ უკრაინელები შეგვეცოდება ამ შემთხვევაში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.