logo_geo
eng_logo
დღეს, 16 აპრილს, რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა
- +

16 აპრილი. 2016. 13:44

დღეს, 16 აპრილს, რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. რა შეიძლება ვთქვა ამ ნიჭიერ და ჩემს თაობაში მართლაც გამორჩეულ კაცზე... რომ იტყვიან, ნაადრევად წავიდა ამ წუთისოფლიდანო, ასეთი სწორედ რამაზ გიორგობიანია... მისი შემოქმედების შეფასება კინომცოდნეებისთვის დამითმია... ჩვენი მეგობრობა უნივერსიტეტიდან დაიწყო, 60-იან წლებში თბილისის უნივერსიტეტი ფაქტობრივად სამ კორპუსში იყო განთავსებული და ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველას საერთო სამეგობრო გვყავდა, განსაკუთრებით ჰუმანიტარებს, თუმცა ფიზიკოსები და მათემატიკოსებიც ჩვენს საძმო-სამეგობროში საკმაოდ იყვნენ. რამაზი 1968 წელს ფიზიკის ფაკულტეტიდან ჟურნალისტიკაზე გადმოვიდა, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შემდეგ უკვე დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

 

უმეტესობა ჩვენი სამეგობროდან დღეს ცოცხალი აღარაა... მისი კურსელები - მწერალი და ჟურნალისტი ბადრი ჭოხონელიძე, მწერალი, სცენარისტი ზურაბ ჭუბაბრია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... რამაზი რომ გადმოვიდა, უკვე ცნობილი იყო კინოფილმებით „გიორგობისთვე“, „ქოლგა“ (რეჟისორი მიხეილ კობახიძე), „სერენადა“ (რეჟისორი ქართლოს ხოტივარი). სულ 21 ფილმშია გადაღებული, თუმცა ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“ გახლდათ ის ფილმი, რამაც, შეიძლება ითქვას, „მოწალა“ რამაზი და შეიძლება ამანაც გადააწყვეტინა, ჯერ ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა, შემდეგ... შემდეგის არჩევანი კი, რა თქმა უნდა, კინო იქნებოდა, როცა სარეჟისორო ფაკულტეტი გაიხსნა, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა მანამდე 10 ფილმში ჰქონდა უკვე ნათამაშევი და ყველგან მთავარი როლი, ასე რომ, რეჟისორის პროფესიისათვის საკმაო გამოცდილებაც მიღებული ჰქონდა და პრაქტიკაგავლილი, ისეთ რეჟისორებთან მოუწია მუშაობა.

 

ისევ ჩვენს მეგობრობას დავუბრუნდები... სტუდენტობა ერთად გავატარეთ, თუ გადაღებებზე არ იყო, მეგობრებთან ყოფნას არაფერი ერჩივნა – დიდი სუფრები ნაკლებად უყვარდა, 4-5-კაციან სამეგობროში ქეიფი უფრო იზიდავდა, სადაც თავისუფლად გრძნობდა თავს. ისე, თავის საქმეს არასდროს ივიწყებდა, ყოველ მხრივ განათლებული იყო, ხატავდა, კარგად წერდა. თუმცა თავის ნაწერებს იშვიათად გვაკითხებდა, ბევრი საუბარი არ უყვარდა, მაგრამ მეგობრებში, სუფრასთან, იხსენებოდა, ბუნებით გულჩათხრობილი და თითქოს მუდამ სევდიანი, თავის გულისტკივილს და ხვაშიადს თავს არავის მოახვევდა, ვერ იტანდა სოციალურ უსამართლობას... მისი ნაწერები, რომელიც მისმა დამ მაიამ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა და გამოამზეურა, ძირითადად სწორედ რომ ადამიანთა სიდუხჭირეზე, მისი თვალით დანახულ და შეცნობილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, თუმცა ბევრი რამის განხორციელება არ დასცალდა... აწუხებდა ყველაფერი, რაც მის ქვეყანას, ხალხს და გარშემომყოფთ ეხებოდა. ეს წუხილი მის სევდიან თვალებში კარგად შეიმჩნეოდა.

 

არ დამავიწყდება, 1979 წელს დამირეკა, საქმე მაქვსო, სარეჟისორო ახალი დამთავრებული ჰქონდა. ქაშუეთთან სახინკლეში შევედით. თითო ჭიქა რომ დავლიეთ, საქმეზე გადავედით... „მესამე შრომით სემესტრზე ანუ „ყამირზე“ ფილმი უნდა გადავიღოო“ – ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ვიცოდი, რომ სტუდიაში რამდენიმე თავისი სცენარი ჰქონდა მიტანილი, რა თქმა უნდა, სოციალურ თემაზე, „მოსკოვის დაკვეთაა, სცენარი ბადრი ჭოხონელიძემ და ავთო ჩხიკვიშვილმა დაწერეს, შენი დახმარება მჭირდებაო“. ბადრიც და ავთოც ჩვენი მეგობრები იყვნენ სტუდენტობიდან მოყოლებული.  კარგად წერდნენ და ხშირადაც იბეჭდებოდნენ ჟურნალ-გაზეთებში... მოკლედ, უნივერსიტეტის კინო-ტელელაბორატორიაში, წინა წელს გავაკეთე უნივერსიტეტის სტუდენტების მესამე შრომით სემესტრის ამსახველი დოკუმენტური ფილმი „კვალი დედამიწაზე“, და მე, როგორც გამოცდილი „ყამირელი“ უნდა ჩავრთულიყავი მისი ფილმის გადაღებაში, ერთ-ერთი მთავარი როლიც მე უნდა განმესახიერებინა. ბევრს აღარ გავაგრძელებ. იმ ზაფხულს მთელი გადამღები ჯგუფი სმოლენსკის ოლქის დაბა დესნაგორსკში გავამგზავრეთ გადაღებაზე, სადაც უნივერსიტეტის საამშენებლო რაზმი იყო დისლოცირებული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. რამაზმა თავისი პირველი ფილმი „თითქმის ორი თვე“ გადაიღო, კინოსტუდიის ხელმძღვანელობა და მოსკოვიც კმაყოფილი დარჩა – დაკვეთა შესრულებულ იქნა...

 

მთავარი შემდეგ ჩუმად გავარკვიე: ამ დაკვეთას სტუდიაში ხელი არავინ მოჰკიდა. სტუდიის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა (ნათელში იყვნენ, არ მინდა, საჯაროდ ვთქვა), რამაზმა თავისი სცენარით ფილმის გადაღება რომ შესთავაზა, ასეთი პირობა დაუსვეს – გადაეღო შეკვეთილი ფილმი და შემდეგ გზა ხსნილი ექნებოდა და ა.შ.

 

ბუნებით მორიდებულმა ჩემმა მეგობარმა უარი ვერ უთხრა, გულუბრყვილოდ მიენდო მათ (ხელმძღვანელობის) ნათქვამს და შემდეგი ფილმი თავისი სცენარით „მოდი, ვილაპარაკოთ“ (სხვათაშორის, ამ ფილმში რამაზმა კიდევ ისარგებლა ჩემი მსახიობური „ნიჭით“ და ეპიზოდურ როლში, რაც სუფრასთან იყო დაკავშირებული, კიდევ ერთხელ აღბეჭდა ჩემი სახე ეკრანზე), მხოლოდ ექვსი წლის შემდეგღა გადაიღო, კიდევ ექვსი წლის შემდეგ მესამე ფილმი - „ლოლიტა“ და მეოთხე ფილმი „მორევი“ თვითონ ვეღარ დაამთავრა, გახმოვანება და წვრილმანი გიზო გაბესკირიამ ითავა და ფილმის პრემიერა 1996 წელს შედგა.

 

ჩემი ყმაწვილკაცობის მეგობარი რამაზ გიორგობიანი ერთი წლით ადრე, 1995 წელს, ინსულტით, 49 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. სამწუხაროდ, მისი კარიერა, როგორც მას და მის მეგობრებს გვსურდა, ისე ვერ აეწყო...

 

 

ოთარ იოსელიანი - „გიორგობის თვე“

 

 

 

რამაზ გიორგობიანი - „მოდი ვილაპარაკოთ“

 

 

 

 

რამაზ გიორგობიანი - „მოდი ვილაპარაკოთ“

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner