ლევან ჭუბაბრია რამაზ გიორგობიანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მსახიობისა და რეჟისორის შესახებ ერთ ისტორიას იხსენებს:
„დღეს 70 წლის გახდებოდა რამაზ გიორგობიანი.
49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სულ მეცინება, ეს ამბავი რომ მახსენდება -
სახელმწიფო პრემია მიიღო. მეც იმ დღეებში მივლინებიდან ინდოეთიდან მოსკოვში ჩავედი. გავიგე, რომ სასტუმრო „მოსკვაში" ცხოვრობდა.
მივედი სასტუმროში, ავედი ნომერში და რას ვხედავ!
ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები „მატრიოშკებივით" დაუწყვია და ამაყად მკითხა - მოგწონსო?
გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი? -ვკითხე.
იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო „მოსკვას" მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი - Заверните мне Ленина!
ამიტყდა სიცილი. თუმცა მისი მეუღლე - ნუნუკა ქიქოძე, ეჩხუბებოდა, ამდენი ფული მაგ ნაგავში რამ დაგახარჯინაო?
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, თბილო და საყვარელო ადამიანო!" - წერს ლევან ჭიბაბრია.