თბილისში 2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაზე გაკეთდა პრეზენტაციები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.
„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოხდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში. ჩვენ ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და გვსურს ეს გამოცდილება ჩვენს წევრებსაც გავუზიაროთ მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებისა და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება", - განაცხადა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ.
„რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღლატრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმა ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების სისტემის დანერგვას. საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აიღო ვალდებულება დაეწყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოება. ერთ-ერთი მიმართულება, ევროდირექტივების მიხედით ქვეყანაში კერძო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტების დანერგვაა.
2016 წელს შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა.