„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ჯარისკაცის გარდაცვალების გამო. აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ", - ამის შესახებ შსს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განაცხადა. დღეს, მალანია აბაშაში ჩავიდა და უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული შსს-ს თანამშრომლის ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველადი ინფორმაციით ეს იყო უბედური შემთხვევა, აღძრულია საქმე. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეები წლებია ასრულებენ მოვალეობას, უკვე ეს პრაქტიკა გვაქვს. და კონფლიქტის ზონებში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები ასრულებენ ამ ამოცანას. როცა ფაქტი მოხდა მეთაურიც ადგილზე იმყოფებოდა", - განაცხადა მერაბ მალანიამ.