თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ მეტრეველი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე აკეთებს კომენტარს და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ პროტესტი ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის ფარგლებს სცდება და მასშტაბურ სახეს იძენს. როგორც მეტრეველი განმარტავს, სტუდენტების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.
„რეალურად, პროტესტი ცდება ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტს. შეინიშნება საბოტაჟის მცდელობები. როგორც ჩანს, მანკიერი სისტემის შენარჩუნება სურთ.
ახლა მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია", - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
მისი თქმით, ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციიდან სტუდენტებს არავინ გამოხმაურებია.
სტუდენტები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ.