სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი „facebook"-გვერდზე ეხმაურება ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.
გიორგობიანი ლევან გვაზავას ურჩევს, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია გადაამოწმოს იმ უწყებაში, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება.
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა. 1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა; 180-ე მუხლის 1 ნაწილით - თაღლითობა; 333-ე მუხლის 1 ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა, არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას.
2. ეს პირი მუშაობდა ღია წყაროებზე. რომ დაგიკონკრეტოთ, ღია წყაროები ნიშნავს იმ ინფორმაციას, რაც მედიით ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მას სამსახურებრივად არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, შესაბამისად, ვერ გაიტანდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
3. რაც შეეხება იმას, დაისვა თუ არა ამ თემაზე კითხვები, პარლამენტში ბატონი ლევან იზორიას გამოსვლისთვის რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ აღნიშნულ კითხვას ბატონმა ლევანმა უკვე გასცა პასუხი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ ლევან გვაზავას აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კი უცდია და თუ აქვს მცირედი ინტერესი, გაიგოს სიმართლე, ვურჩევ მას, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია გადაამოწმოს იმ უწყებაში, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება", - წერს ნინო გიორგობიანი.