თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა. მამაცაშვილმა პროცესზე 2011 წლის 26 მაისის დარბევა და ფიზიკური ზეწოლის ფაქტები გაიხსენა.
„გავიხსენე ის კონკრეტული საღამო, როდესაც უშუალოდ ხდებოდა რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით და სხვადასხვა ფორმით ჩვენი წამება და ცემა.
კითხვები ყველანაირი დაისვა, თუმცა, დაცვის მხარის მიერ დასმული კითხვები უფრო მეტად ალოგიკური იყო", - აცხადებს გიორგი მამაცაშვილი.
პროკურორმა გიორგი მუჯირმა აღნიშნა, რომ გამოძიებით უკვე დადგენილია, ვინ უწევდა ორგანიზებას ადგილზე მომიტინგეთა თუ სხვა მოქალაქეების დაკავებას და შესაბამისად, ისინი არიან პასუხისგებაში მიცემული.
„მეტი დაკავებული - მეტი პრემია", სწორედ დავით ახალაიას ამ ლოზუნგის დამადასტურებელი იყო დღევანდელი მოწმის ჩვენება. გამოძიებით უკვე დადგენილია, ვინ უწევდა ორგანიზებას ადგილზე მომიტინგეთა თუ სხვა მოქალაქეების დაკავებას. სწორედ აღნიშნული პირები არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული", - აცხადებს გიორგი მუჯირი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის საქმეზე ლევან ქარდავას, დათა ახალაიას, რევაზ შიუკაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძესა და ვასილ ლელუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის აქვთ ბრალი წაყენებული. შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება.