პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე, რომელსაც ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება ედებოდა ბრალად, აცხადებს, რომ მისი დაჭერა 26 მაისს აქციის დაშლისას გადაღებულ ფოტოებს უკავშირდებოდა.
„იმ ღამეს გადაღებული სურათები უცხოურ საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელდა. ამ მასალების გავრცელებამ გამოიწვია ხელისუფლებაში გარკვეული ფენების გაღიზიანება," - განაცხადა გედენიძემ გადაცემაში „დიდი პოლიტიკა".
ფოტორეპორტიორმა 7 ნოემბრის აქციაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „მწარე გამოცდილება" გამოადგა და 26 მაისს „შეცდომები გაითვალისწინა".
„მიშველა იმან, რომ ვიცოდი აქციაზე სად უნდა დავმდგარიყავი და როგორ უნდა გადამეღო სუფთა პროფესიული მიდგომით, იმიტომ რომ 7 ნოემბრის მწარე გამოცდილება მქონდა, მაშინ ტყვიებიც მომხვდა, ხელკეტიც, გავითვალისწინე შეცდომები და გამოვძვერი. ერთადერთი, ჩემი პირადობის მოწმობა ვაჩვენე პოლიციელს, რომ გაეშვა ნაცემი გიორგი მამაცაშვილი, დავუმოწმე, რომ ის იყო ჟურნალისტი," - იხსენებს ფოტორეპორტიორი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებოდათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.