ავტორი ნინი ჩოქური
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. პრეზიდენტის ამ განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება.
„ამ შემთხვევაში ვფიქრობ, პრეზიდენტი ცდება, რადგან არჩევნებთან მიმართებაში, კომპეტენტურია საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშები. მართალია, იყო გარკვეული გადაცდომები, მაგრამ მთლიანობაში ამას გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე.
NDI-ის დამკვირვებლების მხრიდან იყო შენიშვნები, თუმცა საერთო ჯამში, როგორც ეუთო-ს კომპეტენტური დელეგაციის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნები პოზიტიურია.
ვფიქრობ, პრეზიდენტს მართებს გარკვეული ოქროს შუალედის მოძებნა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპონენტი პარტიების პოზიციებს შორის. რაც მას უფრო მეტად შეუქმნის კომპეტენტური და სამართლიანი მსაჯულის სახეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.