logo_geo
eng_logo
კენედის მკვლელობის საქმე - რა წერია საიდუმლო დოკუმენტებში
- +

27 ოქტომბერი. 2017. 21:38



1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის მკვლელობამდე 25 წუთით ადრე, ბრიტანულ გამოცემა კემბრიჯ ნიუსში ანონიმური ზარი განხორციელდა, რომელიც კორესპონდენტს შტატებში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, ლონდონში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევდა. მაშინ ამ ზარისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სულ რამდენიმე წუთში კი დალასში, პრეზიდენტ ჯონ კენედის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს.


ბურუსით მოცული მკვლელობის დეტალები ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტებს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოხსნა და მათი დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

 

ვინ არის ჰარვი ოსვალდი

 

24 წლის საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი ოსვალდი დღემდე ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში ერთადერთ ფიგურანტად რჩება. თუმცა, ჩანაწერების გასაჯაროების მომენტიდან, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.


დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდასხმამდე ორი თვით ადრე, ის მეხიკოში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში, დიპლომატ ვალერი კოსტიკოვთან სატელეფონო კონტაქტზე იმყოფებოდა. კოსტიკოვი, ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ე.წ. КГБ-ის თანამშრომელიც იყო, რომელიც საბოტაჟებისა და მკვლელობების საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.


საყურადღებოა, რომ 1975 წლის ერთ-ერთი ჩანაწერი, სადაც CIA-ის დირექტორისთვის დასმულ კითხვაზე, შეთქმულების რაიმე ფორმით არის თუ არა დაკავშირებული CIA პრეზიდენტის მკვლელობასთან და იყო თუ არა ჰარვი ოსვალდი მათი აგენტი, ჩანაწერი წყდება. შესაძლოა, მისი გაგრძელება იმ დოკუმენტებს შორის მოხვდა, რომელსაც გრიფით საიდუმლო სტატუსი ჯერ კიდევ არ გაუქმებია.


გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ჰარვი ოსვალდს კუბასა და საბჭოთა კავშირთან კონტაქტის გამო, თავდასხმამდე, სულ მცირე, ერთი თვით ადრე უთვალთვალებდნენ.


ოსვალდის მკვლელობა

 

ჰარვი ოსვალდი კენედის გარდაცვალებიდან საათნახევარში დააკავეს, თუმცა ის 24 ნოემბერს საპატიმროში გადაყვანის დროს, ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ, პრეზიდენტის მკვლელობისთვის ჩაცხრილა. FBI-ის ჩანაწერებში დალასის ოფისში ფიქსირდება ანონიმური სატელეფონო ზარი, სადაც ოსვალდის ლიკვიდაციის გეგმებზეა საუბარი. უსაფრთხოების გაძლიერების მიუხედავად, სამართალდამცველებმა მისი დაცვა ვერ შეძლეს.

 

საბჭოთა კავშირი

 

FBI-ის დირექტორი ჰუვერის ჩანაწერებში კენედის მკვლელობის შესახებ, საბჭოთა კავშირის რეაქციებზეც არის საუბარი. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს მიაჩნდათ, რომ კენედის მკვლელობა ულტრამემარჯვენე ძალების მიერ, კარგად ორგანიზებული შეთქმულება იყო და არა ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი მკვლელობა. ამ შეთქმულებაში ვიცე-პრეზიდენტ ჯონსონის მონაწილეობაც არ იყო გამორიცხული.


წყაროები აღნიშნავდნენ, რომ КГБ-ის ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტ ჯონსონის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა. 1964 წლის მაისის ჩანაწერებში კი აღნიშნულია, რომ ლინდონ ჯონსონი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში კუ-კლუქს-კლანის წევრი იყო.


კუბა


გასაჯაროებულ დოკუმენტებში წარმოდგენილია, როკფელერის კომისიის 1975 წლის მასალებიც, აშშ-ის პრეზიდენტის კომისიის, რომელიც აშშ-ში CIA-ის ქმედებებს იკვლევს.


მასში საუბარია CIA-ის მიერ კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს ლიკვიდაციის გეგმებზე. კერძოდ, CIA- ამერიკაში მცხოვრები სიცილიელი წარმოშობის განგსტერ, სემ ჯიანკანას საშუალებით, ცდილობდა დაექირავებინა მკვლელი ფიდელ და რაულ კასტროებისა და ჩე გევარას ლიკვიდაციის მიზნით, რის სანაცვლოდაც 150 ათას დოლარს იხდიდა. დოკუმენტებში ასევე ნახსენებია, რომ CIA მოგვიანებით კვლავ იყო დაინტერესებული მაფიის გამოყენებით კასტრო მოეწამლათ.


სამთავრობო არქივში დაცულ 2800-მდე დოკუმენტს, რომელიც 1960-1970-იანი წლების მოვლენებს მოიცავს, აშშ-ის ადმინისტრაციამ გრიფი ხუთშაბათს მოხსნა. თუმცა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, არ გასაჯაროვდება კიდევ 300-მდე ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.


აღნიშნულ დოკუმენტაციას გრიფის მოხსნამდე, ზემოთ ხსენებული უწყებები 180 დღის ვადაში შეისწავლიან, რის შემდეგაც ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner