logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე: პრეზიდენტთან ერთი ასეთი შეკითხვა მექნებოდა...
- +

27 ოქტომბერი. 2017. 21:50



პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას შეაფასა და განმარტა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და მშვიდობიან ვითარებაში წარიმართა.


„სასიხარულოა, რომ ეს არჩევნები შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ადმინისტრირებული არჩევნები. დარღვევებზე, რომელიც საარჩევნო პროცესის მახასიათებელია, შესაბამისი უწყებების მხრიდან იყო რეაგირება. მთავარი ისაა, რომ არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და არც სხვა ტიპის დარღვევებს, რომელიც სახელდებოდა, არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. იყო ცალკეული შემთხვევები, რომელთაც საერთო ჯამში გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.


გოგუაძემ პრეზიდენტს ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკისაკენ მოუწოდა, რადგან მისი განმარტებით, სისტემური ხასიათის დარღვევებს საარჩევნო პროცესში ადგილი არ ჰქონია.


„პრეზიდენტთან ერთი ასეთი შეკითხვა მექნებოდა: რა ტიპის ინფორმაციით ხელმძღვანელობს, როდესაც ამას ასე ცალსახად აცხადებს? არცერთი ობიექტურად შემფასებელი ორგანიზაცია სისტემური ხასიათის პრობლემას არ გამოკვეთს. ამასთან, იყო უწყებათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც იქმნება სწორედ იმისთვის, რომ კონკრეტული დარღვევების შემთხვევებში პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ საარჩევნო სუბიექტებმა მიიტანონ კონკრეტული ფაქტები იმისთვის, რომ მოახდეს ამ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე პერიოდულად ქვეყნდებოდა ინფორმაცია, თუ რა ტიპის დარღვევებზე იყო საუბარი არჩევნების დროს და თუკი რამე მსგავსი დარღვევა მომხდარა, ყველაზე იყო რეაგირება.

 

როდესაც პრეზიდენტი საარჩევნო პროცესს, რომელიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, ნეგატიურად აფასებს, უნდა მოგვცეს მეტი მტკიცებულება. წესით, აქამდე უნდა მომხდარიყო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უწყებათაშორისი კომისიისთვის. თუკი მართლაც არსებობს მტკიცებულებები, პირველ რიგში, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ მივიღო ინფორმაცია", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner