21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ოზურგეთი ქვეყნის იმ ექვს მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც მერების ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობისთვის მმართველი პარტიის კანდიდატს დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დაუპირისპირდება.
„გურიის მოამბე" დღეს ერთ-ერთ მათგანს, ოზურგეთზე მზრუნველობისთვის მებრძოლ დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს გაესაუბრა:
- ბატონო კოტე, პირველ რიგში გილოცავთ მეორე ტურში გადასვლას... არსებული რეალობითა და საზოგადოების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვების დიდი შანსები გაქვთ და ვიდრე თქვენს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებდეთ, როგორ შეაფასებდით პირველ ტურს? რა ხარვეზები ან დადებითი ფაქტორები დაგანახათ 21 ოქტომბრის არჩევნებმა?
- პირველ რიგში, მინდა შევაფასო არჩევნების პირველი ტური და შეფასებისას ვიყო მაქსიმალურად ობიექტური. 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგმა ნათლად გამოაჩინა ოზურგეთის მოსახლეობის არა მარტო არჩევანი, არამედ ტკივილიც. მეც და ჩემი გუნდის წევრებმაც ნათლად დავინახეთ, რომ ოზურგეთის დღევანდელ მმართველობასა და საზოგადოებას შორის კავშირი არ არის, რაც დამანგრეველია ნებისმიერი დონის პოლიტიკოსისათვის თუ სახელმწიფო ჩინოვნიკისათვის. საზოგადოების მოთხოვნისა და პრიორიტეტების გაუთვალისწინებლობა ნებისმიერი მმართველობის კრახით დამთავრებას იწვევს და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს საქართველოში. უახლესი წარსული გაიხსენეთ, მმართველი პარტიების პერიოდი, როცა ჩვენ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების სუბიექტურ რეალობაში გვაცხოვრებდნენ და თან ძალიან აქტიურად ნერგავდნენ შიშის სინდრომს. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სამყაროში, სადაც შიშის, შანტაჟისა და დაშინების ფაქტორი აღარ არსებობს და ამაოა მავანთა მცდელობები, საზოგადოებაში შიში დათესოს...
ოზურგეთში არჩევენების პერიოდში ნათლად გამოიკვეთა ძველი მმართველობის ელემენტები, რაც, დარწმუნებული ვარ, მმართველმა გუნდმა არ იცის... დიახ, მოვა დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება! ამის დასტური არჩევნების შედეგებიცაა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ... მარტივი ლოგიკაა, როდესაც არჩეული მერი, სამ წელიწადზე მეტი მმართველობის შემდეგ არათუ დამაჯერებლად არ იგებს, საერთოდ ვერ იგებს პირველივე ტურში არჩევნებს, (მიუხედავად დადასტურებული და ფაქტებით წარმოდგენილი დარღვევებისა), - ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ შენ ხალხს არ უნდიხარ!
პირდაპირ გეტყვით და მჯერა, ოზურგეთელი მოსახლეობაც გაიგებს: აქ ცოტა თავმოყვარეობის თემაც იწევს წინ... დიახ, როცა ხალხს არ უნდიხარ, უნდა აღიარო დამარცხება და წახვიდე სახლში! აქ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, 40% მოაგროვე თუ 44%...
ეს არის ფაქტი, სადაც ადამიანმა, რომელიც არც ისე ცოტა დროის განმავლობაში მართავდა ქალაქს, (და ხაზს ვუსვამ - მხოლოდ ქალაქს,) - ქალაქი წააგო! ისმის კითხვა - რატომ მოხდა ასე? თუმცა, ამ კითხვას მე კი არა, ჩემი კონკურენტი უნდა სვამდეს... და პასუხი ერთადერთია: იმიტომ, რომ ხალხის გულისტკივილი არ იქნა შესმენილი! დიახ, ხალხის დაკვეთა, მოთხოვნა იქნა უგულვებელყოფილი და შესაბამისი შედეგიც დადგა.
- ბატონო კოტე, ბეგი სიორიძეს...
- მაპატიეთ, ვიდრე შეკითხვას დაასრულებთ, ერთსაც გეტყვით: მე არ ვამბობ, რომ ბეგი სიორიძეს არაფერი გაუკეთებია... კი, გააკეთა, მაგრამ არ გააკეთა ის, რაც პირველ რიგში სჭირდებოდა ხალხს, და არ გააკეთა ის, რასაც 2014-ში დაპირდა ხალხს! ამის დასადასტურებლად უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ დროს წაიღებს და არ ღირს. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ხალხის პრიორიტეტი და ხალხის გამო არ იღწვის მმართველობაში დასარჩენად, მხოლოდ თავისი თავისთვის იღწვის და ამის მტკიცებულება თუნდაც ის მიუღებელი ხერხებია, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების მსვლელობისას.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ჩემთვის მიუღებელია, რომ ხალხი იქნას შეყვანილი შეცდომაში ან თუნდაც, საზოგადოება იქნეს გაყოფილი... ბატონ სიორიძეს ან პოლიტიკური უვიცობა სჭირს ან შეგნებულად უნდა საზოგადოების შეყვანა შეცდომაში. ძირეულია სხვაობა ორ სიტყვას შორის - „ოპოზიციონერი" და „დამოუკიდებელი კანდიდატი". ოპოზიციის ბოროტ ძალად გამოცხადება, მისი მომხრეების ბოროტებად და მტრებად გამოცხადება დანაშაულია ერის წინაშე! დიახ, ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და შესაძლოა, ზოგ ჩვენგანზე უკეთესებიც კი საკუთარი გამოცდილებითა და პატიოსნებით. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!"- წარსულში მყოფი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკას მახსენებს და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე! ძველ დროში ვბრუნდებით? და, თან პარტია „ქართულ ოცნებაზე" აპელირებით? და ეს ხდება მაშინ, როცა მმართველი პარტია იღწვის დემოკრატიული პრინციპების განვითარებისაკენ და მეტსაც გეტყვით: ამის ნათელი მაგალითიც თავად გახლავართ! დიახ, მე, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც სხვა რეჟიმებისა თუ მმართველობების პირობებში ოცნების სფეროშიც არ მექნებოდა სურვილი დამოუკიდებელ კანდიდატად დამეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ამ პოსტზე. დიახ, დრო შეიცვალა, „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში დამოუკიდებელი კანდიდატები არათუ მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, არამედ იგებენ კიდეც! ამის ნათელი დადასტურება ორიოდე დღის წინ მოხდა თიანეთში...
გულწრფელად გეტყვით, მე მჯერა, რომ გავიმარჯვებ! მიუხედავად იმ ჩემთვის მიუღებელი ქმედებებისა, რომელსაც ჰქონდა ადგილი ჩემი კონკურენტის მხრიდან და თანაც, ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავად გამოყენებით! სწორედ ამიტომაც, არჩევნებზე ჩამოვა უცხოელ დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის იქნება გარკვეული დაცვა, რათა გააკეთონ არჩევანი თავიანთი რჩეულის სასარგებლოდ და ვერავინ გაბედოს მათი ვერც დაშინება და ვერც შანტაჟი!
- თქვენი აზრით, თუ ბეგი სიორიძე ოდიოზური ფიგურაა, ეს მისი გარემოცვის დამსახურებაა თუ პარტიის?
- არჩევნების გაყალბება, ან გაყალბების მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია! ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია თანამონაწილეობა, რომელიც ასევე კანონით ისჯება. რატომ ვლაპარაკობ მე ამას? მე ამით მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ აყვებიან დაშინებას, შანტაჟს და ნუ გახდებიან თანამონაწილენი დანაშაულისა! დიახ, მათ დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც მათთვის არის მისაღები! შიშის დრო, უკვე, კარგა ხანია, დამთავრდა! ჩვენ ვართ თავისუფლები და ჩვენი თავისუფლება, რომელიც პირველ რიგში საკუთარი არჩევანის თავისუფლებით გამოიხატება, - უნდა დავიცვათ!!!
- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა პარტიიდან თქვენი გარიცხვის პროცესის გარკვეულწილად პომპეზურობა? კულუარულ საუბრებში თქვენს კონკურენტთან დაახლოებული ძალები არც მალავდნენ თავიანთ გეგმებს და იმასაც აცხადებდნენ, რომ ამის შემდეგ თქვენ გამარჯვების არანაირი შანსი არ გექნებოდათ... და ისინი დიდი უპირატესობით დაგამარცხებდნენ. ანუ, მიიჩნევდნენ, რომ ეს გარდამტეხი პროცესი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას...
- ბეგიმ იცის თავისი შეცდომები, და იცოდა ყოველთვის! იცის და იცოდა, რომ ვერ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში! ამიტომაცაა, რომ ამბოლო დროს აქტიურად აპელირებს მმართველი პარტიით და ეს ხდება მაშინ, როცა მან პარტიას დააკარგვინა ხმები თუნდაც პარტიიდან ჩემი გარიცხვის რეკომენდაციის პარტიაში გაგზავნით! ვიმეორებ: რეკომენდაცია გააგზავნა მართველ პარტიაში, რომელზეც დასკვნა დღემდე არ არსებობს! სამწუხაროდ, ამ მითიური დასკვნით მას საზოგადოებაც შეჰყავს შეცდომაში! შედეგად კი დადგა ის, რომ მმართველ პარტიას ბევრად დამაჯერებელი და მაღალი შედეგით გამარჯვების საშუალება არ მისცა! ესაა სამწუხარო სიმართლე!
- ჩვენ უამრავ ადამიანთან გვქონდა საუბრები არჩევნების მიმდინარეობისას და არ დაგიმალავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის წუხილი იყო არა თქვენი გამარჯვება სხვა კანდიდატზე ( და ამაში დარწმუნებულებიც იყვნენ), არამედ ის, შეძლებდით თუ არა თქვენ საკუთარი ხმების დაცვას?! მოახერხებდა თუ არა სიორიძის გუნდი არჩევნების გაყალბებას? და ახლა, პირველი ტურის შემდეგ ადამიანები, რბილად რომ ვთქვათ, კითხულობენ - არსებობს კი მცირეოდენი შანსი, რომ თქვენ რაიმე დათმოთ?
- ჩემი ოპონენტის წარმომადგენლები აქტიურად ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს კანდიდატურას ვხსნიდი... ამ იაფფასიან მეთოდს მხოლოდ ორიოდე სიტყვით ვუპასუხებ: მე არ ვიყიდები! არ ვიყიდები არანაირ თანხად! მე სიტყვის კაცი ვარ! მე ჩემს ამომრჩეველს მივეცი სიტყვა, რომ გავიმარჯვებ და თითოეულ ჩემს დანაპირებს მათივე თანადგომით შევასრულებ!
- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?
- მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩევლებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებმაც სხვა არჩევანი გააკეთეს, მაგრამ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან! ჩემთვის მხარე არ არსებობს... ადამიანმა, მოქალაქემ, ვინც არ უნდა შემოხაზოთ, ჩემთვის ყველა ოზურგეთელები ხართ, ადამიანები, რომლებსაც გაქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება! მეტიც: შევეცდები, რომ ჩემი მოღვაწეობით, ჩემი მუშაობით ისინიც კი, ვინც მე არ დამიჭერენ მხარს, დავარწმუნო, რომ მე ვარ ღირსი ამ თანამდებობის!