ავტორი მარიამ პაიჭაძე
პროექტ „Check in Georgia"-სთვის, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდება, კულტურის სამინისტრომ 29 მილიონი გამოყო. ამ თემასთან დაკავშირებით თეატრალური ფესტივალის „საჩუქარი" დამფუძნებელი რეჟისორი ქეთი დოლიძე „რეპორტიორთან" სატელეფონო საუბარში კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს თანხები არა მხოლოდ კონცერტებზე, არამედ სხვა რაღაცეებზეც უნდა გადანაწილებულიყო.
„ვფიქრობ, როდესაც ამხელა თანხა გამოიყოფა და ორგანიზაციებს გვთხოვენ, ჩვენს აფიშებს მათი ლოგო დავადოთ, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი. სანაცვლოდ კი უფასო მომსახურებასა და პიარს გვპირდებიან. მინდა ვთქვა, რომ ჩემს ფესტივალს პიარი არ სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უდიდესი ხელოვანების მიერ დაარსებული ცნობილი ფესტივალი. თუ ჩვენ, ჩვენს აფიშებზე მათი ლოგო უნდა განვათავსოთ, მაშინ ეს თანხები არა მხოლოდ კონცერტებზე, არამედ სხვა რაღაცეებზეც უნდა გადანაწილებულიყო. ეს არის ჩემი პრინციპი", - აცხადებს ქეთი დოლიძე.
აქვე ამბობს, რომ არსებული უკმაყოფილება არასწორი გადაწყვეტილებისა და გაანგარიშების ბრალია.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ასეთი მომღერლები ჩამოჰყავთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. ამ სიტუაციაში ყველა აღმოჩნდა მძევალი, მათ შორის სხვადასხვა უწყებები და ასევე მინისტრები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას. გარშემო ყველა უკმაყოფილოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის არასწორად გადაწყვეტილი და გაანგარიშებული", - აცხადებს დოლიძე.