ავტორი ნინი ჩოქური
ბუტა რობაქიძის საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ. ამ ფაქტს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში გამოეხმაურა.
„უკვე ცამეტი წელი გადის და სამართალს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ, თუმცა, რაც გააკეთეს საზოგადოებისთვის, კარგად არის ცნობილი. ახალი ის იქნება, რომ დროულად მოხდება ამათი დაპატიმრება და სასამართლო პროცესები აღარ გაიწელება, მოსამართლე არ დაიყვანს სასჯელს მინიმუმამდე და დამნაშავეებს მიუსჯიან იმდენს, რამდენსაც იმსახურებენ", - განაცხადა ია მეტრეველმა.
აქვე ია მეტრეველი ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა:
„აუცილებლად უნდა შევეხო ნუცუბიძეზე მომხდარ საშინელ ამბავს. შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ამ ოჯახის ტრაგედიით, მანამდე შვილი ჰყოლიათ გარდაცვლილი და ეს ბიჭი აღელვებული ამის ფონზე იყო. ძალიან მძიმე ფაქტია, ჯერ არ მინდოდა ამ თემაზე მესაუბრა, რადგან ისედაც საკმაოდ მტკივნეულია იმ ოჯახისთვის და არ მინდოდა, კიდევ სხვა სახე მიეღო ამ ყველაფერს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ჯერ ერთი ექსპერტიზის დასკვნას და გამოძიებას უნდა დაველოდოთ, უნდა დაიკითხოს ყველა თვითმხილველი და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს დასკვნები. ნაციონალები ჩემს და გირგვლიანის ტრაგედიებს ამ შემთხვევას ადარებენ და ამ ბიჭის სიკვდილი კი არ ადარდებთ, უხარიათ... უხარიათ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, მე პოლიციას არ ვაფარებ ხელს, თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ გულგრილობით მოხდა ეს თუ გული გაუსკდა და უბრალოდ ვერ მოასწრეს გადარჩენა, ეს არის დასადგენი. ფაქტია, რომ საშინელი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ყველაფერი რომ პოლიციას დაბრალდეს იმიტომ, რომ მერე ხელისუფლებას დააბრალონ, არ შეიძლება. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩემი უბედურების და გირგვლიანის საქმის შედარება. მაშინ, როდესაც ჩემი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, იმის მაგივრად, რომ სასწრაფო გამოეძახათ და მისთვის ეშველათ, იმაზე ფიქრობდნენ, როგორ გამომძვრალიყვნენ მდგომარეობიდან. ბავშვი მომიკლეს და შემდეგ ბანდიტობა დააბრალეს. იმ 19-20 წლის ბიჭებს, ვინც ბუტასთან ერთად იყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის ამსახველი კადრები არსებობს და ამის შემდეგ როგორ ბედავენ და იმ პოლიციას და ახლანდელ პოლიციას ადარებენ.
თუ ნახავენ, რომ იყო ძალის გადამეტება და გულგრილობა, უნდა მოხდეს რეაგირება და ასეთი კადრები უნდა გაუშვან სამსახურიდან, ეს იქნება მთავრობის უპირატესობა და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა ია მეტრეველმა.