ავტორი მარიამ ტატიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი „რეპორტიორს" პრეზიდენტის განცხადების თაობაზე ესაუბრა, რომელიც შეეხებოდა არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რაზეც, მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.
„ვიყავი ჩართული ამ არჩევნებში და ვიცი, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. შესაძლოა, მარგველაშვილი დიდი სასახლიდან ადევნებდა თვალყურს ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე ამბობს ამას. ყველა დამკვირვებელმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ჩატარდა გამჭვირვალე, ღია და დემოკრატიული არჩევნები. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს შეიძლება არსებობდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი.
პრეზიდენტს ვურჩევ, სიმართლეს თვალი გაუსწოროს და აღიაროს ის, რაც აღიარა ყველა დამკვირვებელმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ საქართველოში ჩატარდა ისეთი დემოკრატიული არჩევნები, როგორიც აქამდე არ ჩატარებულა", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.