logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: მისი ყოველი გამოჩენა სკოლაში რაღაც არნახულად სასიხარულო იყო!
- +

28 ოქტომბერი. 2017. 00:18


 

„ბატონი თემურ ქორიძე ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება ზნეკეთილობის, ამაყი ასკეტიზმის, ღრმა ინტელექტისა და მყარი პრინციპების სიმბოლო", - ამ სიტყვებით „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანი გიგლა ბარამიძე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლიტერატორის თემურ ქორიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„თემურ ქორიძეს, მაქვს პატივი, ჯერ კიდევ 1974 წლიდან ვიცნობდე, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53-ე საშუალო სკოლაში ჩვენ, მე-7-10 კლასის მოსწავლეებს, წარმოგვიდგინეს როგორც ქართული ლიტერატურის პრაქტიკანტი-მასწავლებელი.

 

ბატონმა თემურმა, როგორც ჭეშმარიტმა კულტურტრეგერმა, სკოლის მოსწავლეები გვაზიარა აქამდე უცნობ ლიტერატურულ-კულტურულ აზროვნებით სივრცეებსა და სამყაროს. მისი ორატორული ნიჭი და მჭევრმეტყველება განსაკუთრებით ფასეული იყო არა უხვსიტყვაობით, არამედ სიტყვის, სათქმელის სიღრმითა და წონით. ამიტომაც მისი ყოველი გამოჩენა სკოლაში რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, არნახულად სასიხარულო იყო. მან საოცარი ტაქტითა და ბუნებრიობით სულ მცირე ხანში მოახერხა ჩვენი ცოტა არ იყოს რუტინული სწავლის სისტემა აზროვნებითა და ანალიზის უნარით შეეცვალა.

 

აღაზა, მინდია, ხევისბერი გოჩა, ალუდა ქეთელაური, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერლები: კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ნიკო სამადაშვილი, ტერენტი გრანელი, მარო მაყაშვილი, ნიცშე, ვერლენი, კოკტო, კამიუ, რემბო, მალარმე, ტროადა და ილიადა, ბოკაჩო და ბანდელო, ძველი ქართული პოეზია, მეფეთა საგალობლები, დავითიანი, "გალობანი სინანულისანი", "ვეფხვი და მოყმე"... რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი მისეული პასაჟი ან მის მიერ ახსნილი ლიტერატურული სახე გავიხსენო. და ეს იყო დღესასწაული, ხანმოკლე, მაგრამ დღეცისმარე რომ მახსოვს, ისეთი!

 

პოლ ვალერი თავის ნაშრომებს ნაზი სიყვარულით "პატარა ურჩხულებად" მოიხსენიებდა... მე ვერ ვიტყვი, ბატონი თემური მიჰყვება თუ არა ამ ანალოგიას, მაგრამ მართლაც რომ მშვენიერებასთან წილნაყარი და ლიტერატურული ესთეტიზმის ნიმუშია მისი ყოველი ესეი თუ ჩანახატი", - წერს ბარამიძე.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლიტერატორი თემურ ქორიძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქორიძე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა. იყო უზენაესი საბჭოს წევრი და მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner