ავტორი ნიკა მუმლაძე
ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა „რეპორტიორთან" ისაუბრა.
„სანამ მოსამართლე დავით ბელიაშვილი გამოგვაძევებდა დარბაზიდან, ბუტა რობაქიძის საქმეზე ყველა სასამართლო სხდომას ვესწრებოდი. იქ ისეთი საოცრებები მოვისმინე, მაშინდელი თანამდებობის პირები, ამ საქმის მონაწილეები მოსულები იყვნენ და ჰყვებოდნენ, თუ როგორ ყალბდებოდა ეს საქმე.
ყოფილ მაღალჩინოსანთა ნაწილი უკვე დაკითხულია პროცესებზე და მათ დაკითხვასაც ვესწრებოდი. ჩემი აზრით, ისინიც უნდა დაიჭირონ, რადგან თანამონაწილეები არიან. მაგრამ რადგან უფრო დიდ დამნაშავეებს ადებენ ხელს, ალბათ, მათ სამართალი დაინდობს. იმედი მაქვს, რომ იტყვიან სიმართლეს.
საქმეს დავით ბელიაშვილი უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოში და რამდენიმე თვეა უკვე, ბუტა რობაქიძის ოჯახი, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება გამოძევებულია დარბაზიდან. ბოლოს ქალბატონ იასთან ერთად ვიყავი მისული და გული დამწყდა - დავინახე, რომ ძალიან ახალგაზრდაა პროკურორი და არ ვიცი, რამდენად კარგად გაუძღვება ამ პროცესს. მინდა, უფრო ძლიერები იყვნენ, რომ ამხილონ ეს დამნაშავეები და ჩასვან იქ, სადაც მათი ადგილია ამ დანაშაულის გამო", - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.