ავტორი ნიკა მუმლაძე
„დონაძე, მიქაძე და ფირცხალავა გირაოს ქვეშ კი არ უნდა ყოფილიყვნენ, არამედ უნდა მიეცათ პატიმრობაში. ყველა დოკუმენტი მაქვს, ჯერ ჩვენ ყველაფერი არ წარმოგვიდგენია და ყველა მოწმე არ დაკითხულა. დონაძეს ყველა ბინძურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული - სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ჟვანიას, აფრასიძეების საქმეებში..." - ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.
სოსო რობაქიძემ ბუტა რობაქიძის საქმის დეტალები გაიხსენა:
„დონაძე, ფირცხალავა და სხვები 2005 წლიდან იძახიან, რომ არაფერში დამნაშავეები არ არიან, მაგრამ იქ უამრავი მოწმეა, რომლებსაც იარაღი თვალით არ უნახავთ. სასწრაფო მივიდა 4 წუთში და ექიმმა დაკითხვისას განაცხადა, რომ იარაღი არ უნახავს. ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ 13 წელია უკვე. მოაქვთ რაღაც დოკუმენტები, მაგრამ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარადგენენ. დამტკიცებული ის არის, რომ მუკბანიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში მუშაობდა დონაძესთან ერთად და პირველი მივიდა ადგილზე, ამბობს, რომ ჩაყარეს იარაღები და შემდეგ გადაიღო „რუსთავი 2"-მა. მათ მხოლოდ „რუსთავი 2"-ის გადაღებული აქვთ ყველაფერი, ის იარაღები რომ ჩანს კადრში და ა.შ. მეორე მოწმე, ქეთი, რომელიც პრესცენტრში მუშაობდა, ამბობს, თუ როგორ დაითხოვა დონაძემ ყველა სტუდიიდან და დაიწყო ამ კადრების მონტაჟი. ჯერ კიდევ 60 მოწმეა დასაკითხი. ორი პოლიციელი დაჰკითხეს და ორივემ განაცხადა, რომ იქ იარაღები არ უნახავთ. უმრავლესობა, რამდენი მოწმეც არის მისული, ყველას აქვს ნათქვამი, რომ იქ იარაღი არ იყო და არ უნახავთ", - აცხადებს სოსო რობაქიძე.
აქვე სოსო რობაქიძე აღნიშნავს, რომ ყველა იარაღი ჩადებული იყო.
„ჩემს ხელთ არის ბაშალეიშვილის ხელნაწერი, პირველი ჩვენება, სადაც აღწერს, რომ ავტომატს ესროდა ბუტა რობაქიძე, ააცილა, მან კი დამიზნებით ესროლა და მოკლა, ავტომატი კი ხელიდან გაუვარდა. ასე წერდნენ თავიდან მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დონაძემ, მიქაძემ და პროკურატურამ დააწერინეს ბაშალეიშვილს, შემდეგ თვითონ „ნაციონალების" დროს ამოიღეს ეს ჩვენება, და ცოტა ხანში გურამ დონაძემ თქვა, რომ ბუტას იარაღი არ ჰქონია. ის ავტომატი, რომელიც ვითომ ხელიდან გაუვარდა ჩემს შვილს და ერთი წელი ბანდიტს ეძახდნენ, თუ იყო ჩადებული, სად წავიდა? ესე იგი, სხვა იარაღებიც ჩადებული იყო, ასე გამოდის. ის ბავშვები ერთი საათი ჰყავდათ ასფალტზე დაყრილები და არ ახედებდნენ ზემოთ, რა ხდებოდა, არ იცოდნენ. ნიქაბაძე, რომელიც იყო დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორ-გამომძიებელი, პირველი მივიდა ადგილზე. გამოვიდა ახლახან მოწმედ და თქვა, რომ იარაღი არ უნახავს და დონაძემ და მიქაძემ ჩაადებინეს. ვიდეოჩანაწერი გაიგზავნა საზღვარგარეთ, ჩამოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ არის წყვეტა და სტუდიაშია დამონტაჟებული. ისეა დამონტაჟებული, რომ თავიდან გასროლის ხმაზე რეაქცია არ არის არანაირი, მითუმეტეს ღამეა, ნოემბერია, ექოა, ამ დროს გასროლის ხმას რეაქცია მოჰყვება, ვითომ არავის არ გაუგია. წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებოდნენო, ისეა მაგათი საქმე. უჭირთ ამ საქმის გახსნა იმის გამო, რომ არ უნდათ ამ ხალხის დაჭერა, არ უნდათ მეორე საქმის დაწყება. ორად არის გაყოფილი ეს საქმე - პოლიციელების და ჩინოვნიკების. ისეთ ხალხს მიადგნენ, რომ არ უნდათ მათი დაჭერა. გამოაცხადეს, რომ მანქანა, რომელშიც ბუტა იჯდა, თურმე ძებნაში იყო, ამ ბიჭებს ვიღაცეები დაუჭრიათ და ეს მანქანა დადიოდა მთელი საღამო ქალაქში. როგორ, მაშინდელმა პატრულმა ვერ დაინახა? „ნაციონალების" დროსაც კი არ დამტკიცდა, რომ ვინმე დაჭრეს, რადგან არ არსებობს ასეთი არავინ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
სოსო რობაქიძე იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება გადაწყვეტს, გურამ დონაძეს დაუჯეროს თუ მართალ ხალხს, რომელიც 13 წელია სიმართლეს ეძებს.
„დონაძე, მიქაძე და ფირცხალავა გირაოს ქვეშ კი არ უნდა ყოფილიყვნენ, არამედ უნდა მიეცათ პატიმრობაში.
ყველა დოკუმენტი მაქვს, ჯერ ჩვენ ყველაფერი არ წარმოგვიდგენია და ყველა მოწმე არ დაკითხულა. დონაძეს ყველა ბინძურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული - სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ჟვანიას, აფრასიძეების საქმეებში... საზოგადოება გადაწყვეტს, დონაძეს დაუჯეროს თუ მართალ ხალხს, რომელიც 13 წელიწადია სამართალს ეძებს", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.