logo_geo
eng_logo
„ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველადი შეფასებით, ხარვეზები გამოიკვეთა“
- +

28 ოქტომბერი. 2017. 13:52



შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ბექა ფერაძის განცხადებით, ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველადი შეფასებით ფიქსირდება, რომ ხარვეზებია გამოკვეთილი. თუმცა ფერაძის თქმით, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამაზე გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ბექა ფერაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტყიბულში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, იმისთვის, რომ დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.


„დილამდე ვაწარმოებდით მოკვლევას კონკრეტულ სამუშაო ადგილზე, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. პროცესი დასრულებული არ არის, ვინაიდან ამ შემთხვევის მოკვლევა მოიცავს მთელ რიგ კომპონენტებს: უნდა განხორციელდეს დამსწრე პირების გამოკითხვა, ასევე დოკუმენტაციის შესწავლა და ამის შემდეგ მოხდება სრულყოფილი შეფასება, თუ რასთან გვქონდა საქმე. ამის შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია კონკრეტული უბედური შემთხვევა. მოკვლევითი სამუშაოები წუხელვე დავიწყეთ. მიმდინარეობს ეს პროცესი. ის სამუშაო ადგილი, სადაც სამთო მასა ჩამოიშალა, ჯერ კიდევ არ არის იმდენად უსაფრთხო, რომ შევიდეთ და აბსოლუტურად ყველანაირი გამოძიება განვახორციელოთ, ამიტომ ამ პროცესებსაც ველოდებით. ჯერ მიჭირს გითხრათ, თუ როდის მექნება ზუსტი პასუხი მომხდარის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბექა ფერაძემ.


ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner