ქართული ფილმი „8 წუთი" შესაძლოა, „ოსკარის" ნომინანტი გახდეს. ფილმმა „ოსკარზე" წარდგენის უფლება მოიპოვა. როგორც სცენარისტმა მარი ბექაურმა „პირველ არხს" განუცხადა, შემოქმედებითმა ჯგუფმა ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ, ელექტრონული ფოსტით მიიღო.
მანამდე ფილმმა მანჰეტენის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა, რითაც „ოსკარზე" წარდგენის უფლების მოპოვების შესაძლებლობა მიეცა.
როგორც წესი, „ოსკარზე" წარდგენილი ფილმებიდან ამერიკული კინოაკადემია ჯერ ცხრა სურათს შეარჩევს, საბოლოოდ, კი „ოსკარის" მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ხუთი ფილმი შეირჩევა.
კინოაკადემიის ყურადღება და ინტერესი რომ დაიმსახუროს, ქართულ ფილმს წინ რამდენიმეთვიანი მარათონი, საკმაოდ რთული და დატვირთული გრაფიკი ელოდება.
ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიისთვის იბრძოლებს.
იქნება თუ არა „8 წუთი" საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, ეს 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება „ოსკარის" დაჯილდოებას, ცერემონია 2018 წლის 4 მარტს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ჩატარდება.
ფილმი აპოკალიფსური შინაარსისაა. „8 წუთი" მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.
ფილმი „Siberfilms"-ის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.
ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.