logo_geo
eng_logo
დასაქმების წარმატებული პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში
- +

28 ოქტომბერი. 2017. 14:38



„დასაქმების წარმატებული პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში", - გაზეთი „ვერსია" ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია პროგრამაზე, რომელიც მსჯავრდებულების/ბრალდებულების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.


„სასჯელაღსრულების სისტემაში, ბოლო წლებში, რეფორმების გატარებისას, ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის ისეთი პირობების შექმნა იყო, რომლებიც, სამომავლოდ, მათ რესოციალიზაციას ხელს შეუწყობს. ამ მიზნით, უწყებაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ამოქმედდა, რომელთა დადებითი შედეგი პატიმრებმა უკვე იგრძნეს. მათ შორისაა, მაგალითად, დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საწარმოებში დასაქმების, ასევე ინდივიდუალური საქმიანობისა და საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ეძლევათ. გაყიდულ ნივთებში გადახდილი თანხა კი, მის ავტორს, ავტომატურად ერიცხება ბარათზე. ვებგვერდი - online.moc.gov.ge სადაც პატიმრების ნამუშევრების ვიზუალური მასალაა განთავსებული და სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, აქტიურად მუშაობს და ონლაინრეჟიმში უკვე 14 000 ლარის ღირებულების პროდუქციაა გაყიდული.

 

„მთავარია, რას სთავაზობ ადამიანს ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ამ მიმართულებით, ჩვენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა ავამუშავეთ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მოვახერხებთ და ადამიანის ცხოვრებას შევცვლით. უამრავი დანაშაულის ჩადენის საფუძველი ფინანსური პრობლემა იყო. ჩვენ, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს, ვაძლევთ საშუალებას კონკრეტულ ხელობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაეუფლონ და სასჯელის მოხდის შემდეგ, დასაქმების შანსი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჰქონდეთ საფუძველი, აღარ ჩაიდინონ დანაშაული. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ჩვენს ონლაინმაღაზიაში იყიდება. ეს უპრეცედენტო პროგრამაა. ამ მაღაზიას ყოველთვის დიდ რეკლამას ვუკეთებ და ყოველთვის, როცა უცხოელებს ვხვდები, ვურჩევ მათ, დაათვალიერონ ნივთები და რაიმე შეიძინონ. ყოველთვის პატარა ბავშვივით მიხარია, როცა ამ ონლაინმაღაზიიდან რაიმე ნივთი იყიდება, მითუმეტეს, როცა ეს თანხა ავტომატურად ირიცხება მისი ავტორის ანგარიშზე", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსში" ინიცირებული ცვლილება, რომელიც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების (ნაკეთობების) რეალიზაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში", - ნათქვამია სტატიაში.


პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს საშუალება ეძლევათ მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაცია, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით განახორციელონ.

 

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის მხარდაჭერით დამტკიცდა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, დამზადებული ნივთების რეალიზაცია განახორციელოს. გაყიდვიდან მიღებული თანხა პირდაპირ მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. რეალიზაციის წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული, რომლის თანახმად, სამინისტრომ სპეციალური ვებგვერდი შექმნა.

 

ვებგვერდზე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნივთების, ასევე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში დამზადებული პროდუქციის ვიზუალური მასალაა განთავსებული ფასის მითითებით. თითოეულ პროდუქციას თავისი უნიკალური კოდი აქვს. ნივთის ღირებულებას თავად ბრალდებული/მსჯავრდებული განსაზღვრავს.

 

ონლაინმაღაზიაში შესვლისას, ვებგვერდზე, გარკვეული კატეგორიები დაგხვდებათ. ავეჯი, ხის სათამაშოები, სამკაული, ხატები, ნახატები, აქსესუარები... აქ საკმაოდ ფართო არჩევანია და ფასებიც, ხელმისაწვდომი. ონლაინმაღაზიის წარმატებით მუშაობა, არა მხოლოდ თითოეული პატიმრის, არამედ, მათი ოჯახებისთვისაც, ფინანსურად, დიდი შვებაა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განმარტებით, ინდივიდუალურ საქმიანობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმების პროგრამას. ამ მიზნით, უწყება ხელს უწყობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საწარმოების შექმნას. უკვე ფუნქციონირებს, მაგალითად, მაკარონის საწარმო, პურის საცხობი, სადაც არაერთი მსჯავრდებული/ბრალდებულია დასაქმებული. მინისტრის განმარტებით, სამომავლოდ, შესაძლებელია სასათბურე მეურნეობაც შეიქმნას, სადაც ყვავილებს გამოიყვანენ და პროდუქციით, სხვადასხვა უწყებებს, მაგალითად, მერიის გამწვანების სამსახურს, დააინტერესებენ", - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ვერსია" აქვეყნებს.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner