29 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა" და პაოლო იაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავი აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ სხვიტორს ეწვევა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზს გახსნის, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე არსებული საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა შენობის ნახევარი აუშენებელი დარჩა. საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა შენობის შიდა და გარე ფასადის აღდგენა. საექსპოზიციო დარბაზში განთავსდა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ფოტო მასალა. ექსპოზიციის კონცეფცია, დიზაინი და ინსტალაცია, ასევე საინფორმაციო ტექსტები მომზადდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით; გამგეობის მიერ განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა.
სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა" ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა, მუხრან მაჭავარიანის ბიუსტის შემკობა, მხატვარ რამაზ ხვედელიძის პერსონალური გამოფენა, არგვეთი-შალაურის საავტომობილო გზის გახსნა, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმზე მემორიალური დაფის გახსნა; პერფორმანსი სპექტაკლიდან ,,ფერადი ბუშტები" (საჩხერის თეატრი „პაოლო"), დეკლამატორთა კონკურსის - ,,მაგიდა ჩემი პარნასი" გამარჯვებულთა დაჯილდოება; საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონია, საზეიმო კონცერტი და სხვა.