logo_geo
eng_logo
პროკურატურა ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

29 ოქტომბერი. 2017. 15:18


საქართველოს პროკურატურა ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაზე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერების ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

 

შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება.   

 

ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე" ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

 

 საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner