logo_geo
eng_logo
თბილისის ცირკის შენობა იყიდება - შეიცვლის თუ არა ფუნქციას ისტორიული შენობა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 15:54


თბილისის ცირკის ისტორიული შენობა იყიდება. შენობის მფლობელს საბროკერო მომსახურებას კომპანია Colliers International Georgia უწევს. Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განცხადება შენობის გაყიდვის თაობაზე სათაურით „ისტორიული ნაგებობა მრავალფუნქციური განვითარების პოტენციით" განთავსდა.


ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის.


„აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად", - ვკითხულობთ განცხადებაში.


როგორც „სითი კვირას" კომპანია Colliers International Georgia-ს წარმომადგენელმა, ბროკერმა ილია შუკაკიძემ განუცხადა, მათი მოვალეობაა მხოლოდ საბროკერო მომსახურების გაწევა, ამდენად მათთვის უცნობია მიზეზი, რის გამოც თბილისის ცირკის მფლობელებმა გადაწყვიტეს შენობის გაყიდვა.


​ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად დაიდებს ბინას თბილისის ცირკი. ამ საკითხის გარკვევას „სითი კვირა" ცირკში მომუშავე პერსონალთან შეეცადა. თანამშრომლები შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმირებულები არ აღმოჩდნენ.


„შენობა ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 21,014კვ.მ ფართობის აღნიშნული უძრავი ქონებიდან გმირთა მოედანზე, ქალაქის მთავარ სატრანსპორტო თავშეყრის ადგილზე იშლება ხედი. თბილისის სამი ყველაზე აქტიური და პოპულარული უბანი: ვაკე, ვერა(მთაწმინდა) და საბურთალო სწორედ ამ ადგილას ხვდება ერთმანეთს. შენობას აქვს თვალისმომჭრელი პანორამული, ხედი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე: ქალაქის ისტორიულ ნაწილზე, მთაწმინდაზე და მტკვარზე", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის ცირკი კერძო სამართლის იურიდიული პირია. ცნობილი ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის უშუალო ძალისხმევით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს მიმდინარე რემონტი , რის მეშვეობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნებული იქნა ამ სახით როგორადაც დღეს გამოიყურება და ბავშვებისა და მოზარდების თავშეყრის საყვარელ და სასურველ ადგილად, დედაქალაქის ერთ - ერთ წამყვან კულტურულ კერად ჩამოყალიბდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner