logo_geo
eng_logo
„წყალს რომ ვითხოვდით, გვეუბნებოდნენ, ბიძინამ დაგალევინოთო“ - ვატო შაქარიშვილი ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს!
- +

29 ოქტომბერი. 2017. 22:27


„2012 წელს არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 19 აგვისტოს დამაკავეს და 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შემიფარდეს. 15 ოქტომბერს გავთავისუფლდი, როდესაც ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდიოდა. 2 თვე მე და ჩემს მეგობრებს პატიმრობაში ყოფნამ უსამართლო და აბსურდული ბრალდების გამო მოგვიწია. „ნაციონალების" ოფისში შეჭრას და ინვენტარის დაზიანებას მედავებოდნენ, რომელთანაც შეხება არ მქონია. მე და ჩემი სამეგობრო ყოველთვის გამოვირჩეოდით აქტიურობით. ჩვენი ამოცანა იყო 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები დაშინების, ძალადობისა და გაყალბების გარეშე ჩატარებულიყო და საარჩევნო ყუთთან ხალხს თავისი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ჩვენმა ორგანიზაციამ და ათასობით ადამიანმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეექვსე ოლქის, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი 26 წლის ვატო შაქარიშვილი ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. შაქარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროინდელ ციხეებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ხალხმა იქ საშინელება გაიარა".


„21 წლის იქ გავხდი. სამარტოო საკანში აღვნიშნე დაბადების დღე. პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი დაკავების იზოლატორში 63 დღე მარტომ გავატარე. რთული იყო, ამის დამალვა არ შეიძლება. თან, როცა უსამართლო ბრალდებით გიზღუდავენ თავისუფლებას, ეს საშინელებაა. სისტემა ემსახურებოდა ერთ ადამიანს, ლიდერს. დღეში ორჯერ გვირთავდნენ სიმღერას „მიშა მაგარია", არც შეურაცხყოფა გვაკლდა. არ ვუცემივართ, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მაქსიმალური აგრესიით გამოირჩეოდნენ, წყალს არ გვასმევდნენ, მედიკამენტებს არ გვაძლევდნენ. დაკავებიდან 33-ე დღეს გვაბანავეს პირველად და იმავე პერიოდში პირველად გაგვიყვანეს ჰაერზე, ესეც იმიტომ, რომ ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ასთმით იყო დაავადებული, ცუდად გახდა... 2 თვე საკანში შუქი საერთოდ არ ჩაუქრიათ. წყალი გარედან იკეტებოდა და თუ მოვიმარაგებდი ბოთლით, შემოვიდოდნენ, - ამდენი წყალი რად გინდაო და ძირს ასხამდნენ. წყალს რომ ვითხოვდით, გვეუბნებოდნენ, - ბიძინამ დაგალევინოთო. დაახლოებით 70-კაციანი სია ჰქონდათ გაკეთებული, რომლებიც არჩევნების პერიოდში უნდა გაენეიტრალებინათ და ამიტომ იქ გამოგვამწყვდიეს. მე გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული „ქართული ოცნების" გამარჯვებაში. ამაზე 1000-ჯერ უარეს პირობებში უწევდათ ადამიანებს გლდანის ციხეში ყოფნა და ვფიქრობ, საერთოდ არ ღირს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, რადგან ხალხმა იქ საშინელება გაიარა", - აღნიშნავს ვატო შაქარიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner