„მეც ამ სოციუმის წევრი ვარ, მეც საბურთალოზე ვცხოვრობ 15 წელია და ის პრობლემები, რაც არსებობს, მეც მაწუხებს: გადაადგილების შეზღუდვა, გადატვირთული ქუჩები, ჰაერის დაბინძურება... მანქანებმა და კომერციულმა შენობებმა ადამიანებს საზოგადოებრივი სივრცე მთლიანად წაგვართვა. დაპირება გაცვეთილი სიტყვაა, მაგრამ ვეტყვი მათ, რომ ვიქნები მათთან ძალიან ახლოს და ის პრობლემები, რაც ჩვენს ოლქს, უბანს აწუხებს, მოგვარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული რომ უნდა იყოს, ქუჩაში ამდენი მანქანა არ იქნებოდა. ჩვენ გავზრდით მარშრუტებს, განვაახლებთ ავტოპარკს ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით და ადამიანებს თავისუფლად და კომფორტულად გადაადგილების პირობებს შევუქმნით", - მის შესახებ თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეექვსე ოლქის, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„მე ვდგავარ კახა კალაძის გვერდით, რომელიც ცალსახად ამბობს - არც ერთი ახალი მშენებლობა ბაღების, სკვერების, მწვანე ნარგავების, საბავშვო მოედნების, საზოგადოებრივი სივრცის შემცირების ხარჯზე არ იქნება. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, პირიქით - შევქმნით ისეთ გარემოს, რომ ხელს შევუწყობთ, მაგრამ ქალაქი უნდა განვითარდეს გეგმაზომიერად და არა ისე, რა შედეგიც მივიღეთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაადგილება უჭირთ ადამიანებს და მათ ბინებში მზის სხივი არ აღწევს, სკვერი არ არის. რაც შეეხება დაუსრულებელ მშენებლობებს, ჩემი გეგმები თანხვედრაშია „ქართული ოცნებისა" და კახა კალაძის პროგრამასთან. ჩვენ შევქმნით სამშენებლო სტანდარტებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე ქალაქის იერის შენარჩუნების კუთხით. მშენებლებმა უნდა მოაწყონ სკვერი, პარკინგი, საბავშვო მოედანი, ეს ვალდებულება მათ არ აქვთ დღეს. მონიტორინგის პროცესია ჩასატარებელი. არ შეიძლება ააშენო კორპუსი იქ, სადაც ეზო არ არის; არ შეიძლება არ დაასრულო და არ მოაპირკეთო სადარბაზო წესიერად. კომერციულადაც უფრო მისაღები იქნება ეზოიანი, განაშენიანებული სახლი, მოპირკეთებული, ვიდრე ბეტონის ცარიელი კედლები, რასაც დღეს ვხედავთ... დღესაც, ჩემს ოლქში, სამ ისეთ მშენებლობაზეა ნებართვები გაცემული წინა ხელისუფლების დროს, რაც ვფიქრობ, პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, მორალური დანაშაულიც. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც ხაზგასმით ამბობს, არც ერთი მშენებელობა სკვერების, ბაღების, მწვანე ნარგავებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანი და მისი ჯანმრთელობა. მერწმუნეთ, მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ და ვიქნები", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.