წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის 9 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინსიტრო ავრცელებს.
„2017 წელს სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის სექტემბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
დამამუშავებელი მრეწველობა
მშენებლობა
ვაჭრობა
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება
სასტუმროები და რესტორნები
2017 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, გაიზარდა პროდუქციის ექსპორტი შემდეგ სექტორებში:
ფეროშენადნობის ექსპორტი 207%-ით,
ღვინის ექსპორტი 90%-ით,
სპირტიანი სასმელების ექსპორტი 41%-ით,
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 55%-ით,
აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 149%-ით.
ჩანართი: შეგახსენებთ რომ 2017 წლის 9 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საგარეო მოთხოვნის ზრდასთან.
საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის სექტემბერში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:
25.2%-ით გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და 304.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების ექსპორტში არსებული დადებითი ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა.
24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 124.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.