სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ბაზაზე აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციელებმა 2 კვირიანი წვრთნები წარმატებით დაასრულეს. პროექტის ფარგლებში პოლიციელებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, გაიარეს პრაქტიკული მეცადინეობები, გამოიმუშავეს უნარები პროფესიული საქმიანობის ეფექტური განხორციელებისთვის, დაეუფლნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, გაიღრმავეს და განიმტკიცეს უფლება-მოვალეობათა განსახორციელებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნა.
პროგრამის ფარგლებში პოლიციელებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტებისა და მათი მოგვარების გზების, აგრესიული გამოვლინებებისა და მათი პრევენციის შესახებ.
საკვალიფიკაციო კურსის დამთავრების შემდეგ, აღსრულების პოლიციელებს სერტიფიკატები აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გადასცეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ უწყებები თანამშრომლობასა და ურთიერთობას პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, კვლავ განაგრძობენ.
აღსრულების პოლიციას 2012 წლიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით, დელეგირებული აქვს აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები. პოლიციელები ძირითადად აღასრულებენ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და დემონტაჟის საქმეებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციის მიერ საქმეთა აღსრულების პოლიტიკა, მხარეებს შორის დავების მორიგებით დასრულებაა. აღსრულების პოლიციის ჩართულობით, მორიგების მაჩვენებელი, ბოლო წლების განმავლობაში 80 პროცენტზე მეტია.