logo_geo
eng_logo
„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
- +

31 ოქტომბერი. 2017. 15:13



მედიის წარმომადგენლებისთვის დღეს „დაგროვებითი პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალისტებს კანონის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააცნეს.


საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.


ნინო ჯავახაძემ მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო რეფორმის მნიშვნელოვანია ასპექტები.


დაგროვებითი პენსიების შესახებ" კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ - თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის  ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით,  სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების  სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ ეს რეფორმა იწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ეს წარმოადგენს ერთგვარ სოციალური პასუხიმგებლობის გადანაწილებას კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. „მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს კონტრიბუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, გარდა 2%-იანი შენატანისა, რომელსაც სახელმწიფო მონაწილეების სასარგებლოდ განახორციელებს,  თავად შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და პენსიის გატანა გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის საკმაოდ დიდი შეღავათი რასაც სახელმწიფო აკეთებს, რათა წაახალისოს ადამიანები ამ სისტემაში მონაწილეობისკენ. ანუ  სახელმწიფოს კონტრიბუცია ორგვარია - თავად 2% და ის შეღავათები,  რასაც მონაწილეებს სთავაზობს. ეს საკმაოდ კარგი შეთავაზებაა სახელმწიფოს მხრიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ასეთი  თითქმის არ გვხდება და ამიტომაც მინდა ამას ხაზი გავუსვა", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.


რაც შეეხება ახალ საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეთა ასაკს - მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.


როგორც პრეს-კონფერენციაზე იქნა აღნიშნული, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად.


უნდა აღინიშნოს, რომ კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიების შესახებ" არ გულისხმობს არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას.


საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)) აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, გულისხმობს  საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მხარდაჭერას რეფორმის განხორციელების პროცესში.


კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება. დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner