logo_geo
eng_logo
მზექალა შანიძე: ენა გაღარიბდა, მდიდარი ლექსიკა კვდება
- +

16 აპრილი. 2016. 22:28


13 აპრილს მწერალთა სახლმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე „ქართული ენა დღეს: ნორმები და სინამდვილე". როგორ უნდა შევინარჩუნოთ ენის სიმდიდრე და როგორ უნდა მოვარგოთ ის თანამედროვეობას - მწერალთა სახლში ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს მომხსენებლებმა.


ამ დღეებში ბევრს ლაპარაკობენ და ილაპარაკებენ ქართულ ენაზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართული ენა, როგორია თანამედროვე ქართული ენა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ენა და ა. შ. 14 აპრილს დედაენის დღეს აღვნიშნავთ ხოლმე. ეს ის დღეა, როცა ხალხი იხსენებს 1878 წლის საპროტესტო გამოსვლებს ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლში შეეტანათ ცვლილება, რომლის საფუძველზეც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, აქციების ტალღას კი -გამარჯვება. ქართულმა ენამ სტატუსი შეინარჩუნა. სწორედ ამ ამბებს უყვება მწერალთა სახლში შეკრებილ მსმენელებს ენათმეცნიერი მზექალა შანიძე. ის 38 წლის წინანდელ ამბავს, დედაენის დასაცავად გამოსული ხალხის ერთიანობას ადარებს 1989 წლის 9 აპრილის დღეებს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საზოგადოება გაერთიანდა, და 2015 წლის 13 ივნისს, როდესაც თბილისის თავს დამტყდარმა სტიქიამ ხალხი ერთმანეთის გვერდით დააყენა. არც პარტიული კრების დადგენილება ყოფილა და არც მოწოდებები, ამბობს მზექალა შანიძე და ამატებს, თვითონ ხალხმა გადაწყვიტა, რომ უმოქმედობისა და სიჩუმის დრო არ იყო. ის ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც სწორედ იმ დღეებში გადახდა თავს, როცა ქათული ენის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ხალხი ღელავდა და არც საშიშროება იყო შორს:


„გარშემო ტანკები იდგა და ხალხი მომზადებული იყო იმისათვის, რომ შესაძლოა სისხლისღვრაც მომხდარიყო. ტაქსით მგზავრობა მომიხდა. ტაქსის მძღოლი მეორე მგზავრს ელაპარაკებოდა: აიო, მეო, იმ დღესო, დავიბანეო, სუფთა პერანგი ჩავიცვიო, ჩემს ორ ბიჭს ვუთხარი, თქვენც ასე მოიქეცითო და დაბანილები წამომყევითო. რას ნიშნავს ეს? ძველად, როდესაც ომში მიდიოდნენ, იმისათვის, რომ ღმერთს სუფთად შეხვედროდნენ, სუფთა ტანსაცელს იცვამდნენ. აი, ტაქსის შოფერმა, რომელსაც, ალბათ, გრამატიკაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ჩაიცვა სუფთად, ჩააცვა თავის ორ ბიჭს და წავიდა აქციაზე ისე, რომ შეიძლება უკან ვეღარ მობრუნებულიყო".


მზექალა შანიძე ახლა იმაზე წუხს, რომ დროთა განმავლობაში 1978 წლის აპრილის დღეები მხოლოდ ოფიციალურ რიტუალად იქცა, რაც, მისი თქმით, ცუდი არ არის, თუმცა ამბობს, რომ ამ რიტუალს ენაზე ზრუნვაც უნდა მოჰყვებოდეს. მზექალა შანიძე ფიქრობს, რომ ენის განვითარებისათვის, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ზრუნვაა საჭირო, მეორე მხრივ კი, საჭიროა საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს მშობლიური ენის შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობა. მზექალა შანიძე იმასაც ამბობს, რომ ენის განვითარება საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდება და მხოლოდ ენის დეპარტამენტისა თუ ენის ნორმების კომისიის ფუნქციონირებითა და მუშაობით ვერ ამოიწურება ყველა ის საჭიროება, რაც ენის განვითარებასთან არის დაკავშირებული:


ჩვენ შეიძლება ნორმები დავადგინოთ, დავწეროთ, ათასი წიგნის ტირაჟით გამოვცეთ, მაგრამ ეს ნორმები იქნება მკვდარი. ხალხში უნდა გავრცელდეს ნორმები. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ამ ნორმების მიღებაში. თუ ხალხში არ გავიდა ნორმა, იქნება ეს გრამატიკული თუ ლექსიკური, ისე ჩვენ, ენათმეცნიერებმა, რამდენიც არ უნდა ვწეროთ, არაფერი გამოვა".


ამ აზრის საილუსტრაციოდ მზექალა შანიძეს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მათ შორის ერთი მამამისს, აკაკი შანიძეს, და კიდევ ერთ გამოჩენილ ენათმეცნიერს, არნოლდ ჩიქობავას, უკავშირდება. მოქმედება 1944 წელს ჯავაში, სანატორიუმში, ხდება:

 

„მიიარ-მოიარეს სანატორიუმი, ყველაფერი წაიკითხეს, კედლის გაზეთები იყო მაშინ. ზოგი მოიწონეს, ზოგი დაიწუნეს. ორივემ ერთხმად დაიწუნა ტერმინი „დამსვენებელი", რადგან „დამსვენებელი" არის მოქმედებითი გვარის მიმღეობა და ნიშნავს, რომ ის ასვენებს მას. და შემოიღეს მამაჩემმა და არნოლდმა, ერთმა „მესვენი", მეორემ - „დამსვენე". იყო ერთი ხარხარი და სიცილი, აბა, შენ მესვენეებს ეკუთვნი თუ დამსვენებსო. რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ენაში რომ ერთხელ შემოვა ფორმა და ის საყოველთაო გახდება, აკაკი შანიძემ კი არა, მამა ზეციერმა რომ თქვას, ასე კი არა, ისეო, ძალიან ძნელია მისი შეცვლა".


ენის სიმდიდრესა და განვითარებაზე საუბარს მზექალა შანიძე ქართულ თანამედროვე ლიტერატურაზე დაკვირვებით აგრძელებს. ის წუხს, რომ თანამედროვე მწერლების უმეტეს ნაწარმოებებში არ ჩანს ენობრივი ძიების მცდელობა. მისი თქმით, სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში, ქართული ენა გაღარიბდა და დავიდა საკანცელარიო ენის ნორმებზე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, მათი ენა კი სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საზოგადოებაში. სწორედ ამის გამო აკისრებს მზექალა შანიძე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველ მწერლებს:

 

„როდესაც კარგი მწერალი რაღაც სიტყვას შემოიტანს, ფრაზას ახლებურად შემოატრიალებს, ის აუცილებლად გავრცელდება. ქართლურში და ზოგიერთ სხვა დიალექტში არსებობს სიტყვა „შინაბერა". მაგრამ ვინ იცოდა ეს? სანამ კონსტანტინე გამსახურდიამ არ გამოიყენა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მანამდე სიტყვა კვდებოდა. და ასეთი კარგი, ძალიან კარგი ლექსიკა კვდება, ხალხო. სოფლებში არის კიდევ ეს ქართული სიტყვები. აი, ვისაც გოდერძი ჩოხელი წაუკითხავს, მან ბევრი შემოიტანა. აი, ეს გვჭირდება, ხალხნო. ეს მინდა ვთქვა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ზრუნვა და, მეორე მხრივ, ხალხის ინტერესის გაღვიძება ენისადმი. სხვანაირად, ქართული ენა მოკვდება".


დრამატურგი და მთარგმნელი დათო გაბუნია ერთ-ერთი ის ავტორია, რომელიც ფიქრობს, რომ სალიტერატურო ენის გამარტივებით ქართული ენა ღირიბდება და მიაჩნია, რომ ავტორებსა და რედაქტორებს არ უნდა ეშინოდეთ ტექსტებში, მაგალითად, არქაიზმების გამოყენება, თუმცა არა გადაჭარბებული რაოდენობით. თუკი ავტორის ენა არის მდიდარი და იყენებს ბევრ სინონიმს, მთარგმნელებს არ აქვთ უფლება გააღარიბონ და გაამარტივონ მისი ენა, ამბობს დათო და თავის გამოცდილებას მიზიარებს:

 

„ხშირად ხდება, რომ რაღაც სიტყვებზე ახალგაზრდები ამბობენ, რომ არ გაუგიათ მსგავსი სიტყვა. რა ვქნათ, რომ არ გაუგიათ? ახლა გაიგონ და დავამკვიდროთ ეს სიტყვები. მე ჯიუტად ვცდილობ ხოლმე, მაგალითად, ასე გამოვიყენო სიტყვა „გამოწვლილვით", რომელიც მე ძალიან მიყვარს და ჩემმა უმცროსმა მეგობრებმა მითხრეს, რომ მათ ეს სიტყვა პირველად ესმით. მე კი მათ ვუთხარი, რომ არა, ამ სიტყვას არ დავთმობ, რადგან ეს არის სწორედ ის სიტყვა, რასაც ავტორი გულისხმობს სიტუაციის აღწერისას".


მწერალთა სახლში შეკრებილ მსმენელებს ქართული ენის ნორმებსა და დღეს არსებულ რეალობაზე ესაუბრა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სამეტყველო ენას. ზვიად ქორიძის აზრით, იმ ტიპის სინტაქსი, რომელსაც პოლიტიკოსები იყენებენ, ენისთვის დამღუპველია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამის მიზეზი ის ისტორიული სინამდვილეა, რომელშიც ქართველ პოლიტიკოსებს მოუწიათ განვითარება:


„ქართულ ენას თავისი ისტორიული განვთარების მანძილზე არ ჰქონია, აი, ასეთი პოლიტიკური პლასტი, რადგან პოლიტიკური პროცესი ამ ენაზე არასდროს წარმართულა, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე ცდუნებას პოლიტიკურ დისკურსში ქართული ენის გააქტიურებისა, რაც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს და ნიკო ნიკოლაძეს. მერე, როცა უკვე ბოლშევიკური ენა შემოვიდა, ჩვენ არ გვქონდა აქტიური პოლიტიკური ენა. შესაბამისად, ეს მედიაენაც იმიტომ არის ასე გაქვავებულ მდგომარეობაში, რომ ჩვენ პრაქტიკულად აღმოვჩნდით იმ კლიშეებში და ქართული ჟურნალიტიკა საუბრობს იმ კლიშეებით, რომელიც საბჭოთა ჟურნალისტურმა პრაქტიკამ დაამკვიდრა".


რაც შეეხება ენაზე სახელმწიფოებრივ ზრუნვას, რაზეც მზექალა შანიძემ თავის სიტყვაში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, ენათმეცნიერები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო ენის დაცვას სჭირდება ენობრივი პოლიტიკისა და მეურნეობის წარმოება საკანონმდებლო და ინსტიტუციური უზრუნველყოფით და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს საკითხი გათვალისწინებულია 2015 წლის 22 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, თუმცა ენათმეცნიერები მაინც წუხან, რადგან, მათი თქმით, საკანონმდებლო ნორმები, რომელთა მიხედვითაც უნდა დარეგულირდეს სახელმწიფო ენის ფუნქციონირება, ქაოტურია და სრულყოფამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner