ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებაზე 1 იანვრიდან დაიწყება და ორი წელი გასტანს. ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. ამის შესახებ ჩერქეზიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისუაბრა.
მისი თქმით, მკაცრდება რეგულაციები ავტოპარკის იმ ნაწილზე, რომლისთისაც ტექდათვალიერება სავალდებულო აქამდეც იყო. ეს ეხება რვაზე მეტი მგზავრის გადამყვან და ასევე, 3,5 ტონიან (და ზემოთ) ავტომობილებს.
ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ტექნიკურ რეგლამენტს, რომლის შესრულებაც მოეთხოვება ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს. სწორედ ამ რეგლამენტში იქნება გაწერილი ყველა ის კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მძღოლებს საკმარისი დრო ექნებათ ავტომანქანის მწყობრში მოსაყვანად.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო ყველა მძღოლის ელექტრონულ რეგისტრაციას გეგმავს იმისათვის რომ, რიგები არ შეიქმნას. წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით მილიონამდე ავტომანქანაა, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი წლის განმავლობაში მოუწევს.