საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის Doing Business 2018-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია პრესკონფერენციაზე შეაფასა - 190 ქვეყანას შორის, საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და 2018 წლის რეიტინგის პირველ ათეულშია.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეიტინგი აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის და აზიის რეგიონში ყველაზე რეფორმატორული ქვეყანაა. ამასთან, მინისტრის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არის ყველაზე კომპლექსური რეიტინგი და სხვადასხვა რეიტინგები, როგორიცაა „კონკურენტუნარიანობის ინდექსი" და ა.შ. დიდწილად მის კვლევებს ეყრდნობა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ასეთ პრესტიჟულ რეიტინგში საქართველოს წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესგარემოს და საინვესტიციო კლიმატისთვის. როგორც მან აღნიშნა, რეიტინგი კომპლექსურად აფასებს ათი სხვადასხვა კომპონენტის კრიტერიუმის თანახმად ქვეყანაში ბიზნესგარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და შესაბამისად აკეთებს დასკვნებს.
„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, ათეულში, რომლებშიც მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის ყველაზე მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წინსვლა ისეთ კრიტერიუმებში, როგორიც არის ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიაზე მიერთება, გადახდისუუნარობის შემთხვევებში კომპანიის ინტერესების დაცვა და კიდევ სხვა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის კონკრეტული, პრაგმატული ნაბიჯები, რომლითაც ბიზნესს ხელი ეწყობა იმისთვის, რომ დაიწყონ და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, კერძო სექტორი და ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა - „ეს ეკონომიკის ის ნაწილია, რომელიც დღეს იზრდება და ჩვენი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, სწორედ ამ კომპანიების და ამ ადამიანების დამსახურებაა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეიტინგებში წინსვლა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ეს არის შედეგი ერთობლივი მუშაობის სხვადასხვა უწყებების და მთავრობის, ეს არის შედეგი იმ რეფორმების, რომლებიც 2016 და 2017 წლების განმავლობაში გატარდა".
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა რეფორმების პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე.
„რეფორმირება მცირე, ღია ეკონომიკის გარდაუვალი ნაწილია და ამას ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მთავრობა. ასევე კარგად გვესმის, რომ რეიტინგების მონაცემები არის ძალიან კონკურენტული - ეს არის კონკურენცია სხვადასხვა ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ წინსვლა და გაუმჯობესება გვქონდეს, თუმცა, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ასე ვთქვათ, კონკურენტული ცხოვრება, რა გარემოშიც გვიწევს ინვესტიციების მოზიდვა და ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვახდენთ აქტივობებს და ვატარებთ რეფორმებს", - განაცხადა გახარიამ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეიტინგის იმ ათეულზე, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. მისი განცხადებით, ეს არის საინვესტიციო გარემოთი, საინვესტიციო აქტივობებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ეკონომიკის ზრდით და საქართველოს აქ მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ რეიტინგს აქვს კონკრეტული დატვირთვა, რომელსაც კონკრეტული ბენეფიტი და კონკრეტული შედეგი მოაქვს კომპანიებისთვის. როგორც მან აღნიშნა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ doing business-ს აქვს სულ 10 რეიტინგი - საქართველოს გაუმჯობესება ჰქონდა ექვსში და ოთხში საერთოდ არ შეუცვლია პოზიცია.
„ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი კრიტერიუმით, რომელსაც doing business აფასებს, ვერცერთმა ქვეყანამ შარშან ვერ გვაჯობა", - განაცხადა მინისტრმა.