აჭარის მთავრობის ცნობით, რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის 2018 წელს 9 764 800 ლარი დაიხარჯება.
2018 წლისთვის რეგიონის სამიზნე ქვეყნებს დიდი ბრიტანეთი დაემატება და ჯამში აჭარის პოპულარიზაცია შემდეგ ქვეყნებში განხორციელდება: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიტვა, პოლონეთი, ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი.
ასევე შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის დაიხარჯება 500 000 ლარი.
შემდეგი წლისთვის ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამაზე გაკეთდება. საერთაშორისო პოპულარულ და რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 1 845000 ლარის, ხოლო ინტერნეტ რეკლამირებისთვის 1 940 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
რაც შეხება სპეციალური გადაცემების, წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების საინფორმაციო პრესტურებს, ამისთვის 325 000 ლარი გამოიყოფა. დეპარტამენტი რეგიონს ისევ წარადგენს საერთაშორისო გამოფენებზე, რისთვისაც 190 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სარეკლამო ღონისძიებების გარდა, ყველა სხვა სახის რეკლამას 1 620 000 ლარი მოხმარდება.
2018 წლისთვის პრიორიტეტული დარჩება აჭარაში სერვისის ხარისხის დადგენა და მისი გაუმჯობესება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 189 000 ლარი დაიხარჯება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში კი ტრენინგ-სემინარები ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს, გიდებს ბათუმსა და მთიან აჭარაში ჩაუტარდებათ. ტრენინგები გასული წლისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა რეგიონებში პრაქტიკულ გასვლებსაც გაითვალისწინებს, რაც სხვა მხარეების გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ასევე დამზადდება სასწავლო ხასიათის ვიდეორგოლები. სერვისის მონიტორინგისთვის 36 000 ლარი, ხოლო ტურიზმის განვითარების სკოლისთვის 131 000 ლარი გამოიყოფა. პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" ხარისხის ნიშანი გიდების, კვებისა და განთავსების ობიექტებს შემდეგ წელსაც მიენიჭებათ.
2018 წლისთვის ისევ გაგრძელდება მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 492 500 ლარი დაიხარჯება. მათ შორის მთიან აჭარაში ეკო და სოფლის ტურისტული მარშრუტების განვითარებას 75 000 ლარი, ხოლო პოპულარიზაციას 25 000 ლარი მოხმარდება. სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს ისევ ჩატარდება „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია", სადაც ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ. კონფერენციის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყოფა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 2018 წელს ისევ ჩაატარებს ფრინველებზე დაკვირვების, სოფლის ტურიზმის ფესტივალებსა და ზაფხულის ტურისტულის სეზონის გახსნის ღონისძიებას.
რეგიონში მყოფი ტურისტების საჭიროებების კვლევის მიზნით, 2018 წელს ჩატარდება უცხოელი ვიზიტორების კვლევა. ტურისტების გამოკითხვის შედეგად დადგინდება მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე. 2018 წელს ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც არარეგისტრირებული სექტორისა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 180 500 ლარის გამოყოფა იგეგმება.