logo_geo
eng_logo
დღეს, 17 აპრილს, აკაკი ხორავას დაბადების დღეა
- +

17 აპრილი. 2016. 00:08


ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი აკაკი ალექსის ძე ხორავა დაიბადა 1895 წლის 17 აპრილს (29 აპრილი).


ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი (უალდის „სალომე"), ანდუყაფარი (ერისთავის „გაყრა"), უსახელო (ტოლერის „კაცი-მასა"), ლაერტი (შექსპირის „ჰამლეტი"), ბერსენევი (ლავრენიოვის „რღვევა"), ანზორი (შანშიაშვილის „ანზორი"), არგიშდი (დადიანის „თეთნულდი"), კარლ მოორი (შილერის „ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი (კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), არსენა (შანშიაშვილის „არსენა"), პედრო (მდივნის „ალკაზარი"), ოტელო (შექსპირის „ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), სირანო (როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი"), ტარიელი (ქიაჩელის „ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი (პუშკინის „ბორის გოდუნოვი") და სხვა.


აკაკი ხორავას რომ მხოლოდ ოტელოს სახე შეექმნა, ისიც კი იკმარებდა მისი სახელის შარავანდედით შესამოსავად, ვინაიდან მისი ოტელო მსოფლიო შექსპიროლოგიამ აღიარა ნამდვილ შექსპირისეულ სახედ. ეს იყო 1937 წელს. წლების განმავლობაში ქუხდა აკაკი ხორავა-ოტელოს ხავერდოვანი ხმა სცენაზე და აღტაცებაში მოჰყავდა მსმენელი და მაყურებელი. 1947 წელს გაზეთი „პრავდა" წერდა: „აკაკი ხორავამ ოტელოს როლში მიაღწია მწვერვალს, სანამდეც მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში ცოტა თუ ასულა".


ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. ზედმიწევნით ფლობდა ტრაგიკული ხასიათის გახსნის საიდუმლოებას. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, მდიდარი ხმით, განცდის სიმართლით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით, მასშტაბურობით.


1924 წლიდან იღებდნენ კინოში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მის მიერ შესრულებული როლები: გიორგი სააკაძე („გიორგი სააკაძე", 1942-1943), სკანდერბეგი („ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", 1965) და სხვა.


ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-1947, 1957-1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951).


აკაკი ხორავა 1972 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, მისი შესრულებული როლები და ღვაწლი ქართული თეატრის და საერთოდ, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში იმდენად დიდია, რომ ყველა თაობას ეკუთვნის, დააფასოს ამ დიდი ხელოვანის ღვაწლი.


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner