დონალდ ტრამპი ნიუ იორკში მოწყობილი ტერაქტის შემსრულებლის გუანტანამოს ციხეში გაგზავნით და Green Card-ის გათამაშების გაუქმებით იმუქრება. როგორც აშშ-ის ლიდერმა დღეს განაცხადა, მან უკვე მიმართა კონგრესს, რათა აშშ-ის ვიზების ლატარეით გათამაშება შეწყდეს.
„ჩვენ გაცილებით ხისტები და მოხერხებულები უნდა ვიყოთ. ასევე უნდა ვიყოთ ნაკლებად პოლიტკორექტულები", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
პრეზიდენტი თვლის, რომ აშშ-ში ტერაქტებში ბრალდებულებს მკაცრად და სწრაფად ვერ სჯიან.
„ეს ცხოველები ციხეში რომ მოხვდნენ, წლები უნდა გავიდეს. ჩვენ უფრო სწრაფი სადამსჯელო სისტემა გვჭირდება", - აცხადებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში 31 ოქტომბერს ტერაქტი მოხდა, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა წარმოშობით უზბეკეთის მოქალაქემ მოაწყო, რომელიც Green Card-ით მოხვდა შტატებში.