საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" გავლით ცდილობდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული ნივთიერების - 3 000 გრ პრეგაბალინის შემცველი, მედიკამენტი („ლირიკა").
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214ე მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 263-ე მუხლის მესამე ნაწილით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.