logo_geo
eng_logo
ვაი, ჩვენი ლიტერატურის ბედო!..
- +

17 აპრილი. 2016. 00:41


ციკლიდან „დროის იეროგლიფები"


ვერავინ დაიჯერებს საქართველოს კულტურის (ძეგლთა დაცვისაც რომ ჰქვია) სამინისტროს საქმიანობის შემხედვარე, რომ საბჭოთა ეპოქა დასრულებულია.


კვლავ ძველებურად გრძელდება იმჟამინდელი ნორმები და მოთხოვნები - სიცრუის, სიყალბის, უგემოვნობის, შარლატანობის პარპაში, ფარულ გარიგებათა ზეობა და ანტიკულტურის გამოცხადება კულტურად, ანტილიტერატურისა - ლიტერატურად...


და არა მარტო ჩვენს სივრცეში.


დასავლეთისკენაც ამ ფსევდოს, ამ პრიმიტიულს, ამ უბადრუკობას აქვს გზები გაკვალული.


უმეტესწილად, ცხადია!..


შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ გამოერევა ღირსეული თხზულება, ისიც მოსაჩვენებლად, რათა მის ჩრდილქვეშ კვლავაც გაგრძელდეს ქართული მწერლობისათვის სახელის გატეხა.


არ დაგიდევენ, რომ: თუნდ აგერ ლონდონის გამომცემლობებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, გადაეღობონ... საქართველოს სახელით მიწვდილ ვაიმწერლობას. მიზეზი კი ისაა, რომ ქართველ „მწერალთა" წიგნები არ იყიდება, პირწმინდად ჩაუწვათ და ადვილად ვეღარ აცდუნებ ეგზოტიკურობით, რასაც „საქართველოს" ხსენება გულისხმობდა.


აღმოჩნდა, რომ იმ წიგნებში ეგზოტიკურობის ნასახიც არ არის, და არც რაიმე მხატვრულისა თუ ლიტერატურულისა.


აბა რა იქნებოდა!...


საქართველოს კულტურის (ძეგლთა დაცვისაც რომ შეურქმევიათ) სამინისტროს სახელით შერჩეულ ავტორებს განა რა საერთო შეიძლება ჰქონოდათ ლიტერატურასთან.


საქმოსნობა დაფასებული საქმიანობაა ჩვენს ქვეყანაში და ასეც უნდა იყოს - თუ რაიმე დააყენებს ფეხზე ჩვენს ეკონომიკაას, თუ რაიმე შეუქმნის მყარ საფუძველს ჩვენს პოლიტიკასა და კულტურას, უთუოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნა ბიზნესმენებისათვის, ანუ - კანონების დაცვა. და ამ მხრივ რაღაც-რაღაცები რომ მოსაწესრიგებელია, კანონები შესაფერისად რომ არ არის ამოქმედებული, ეს მხოლოდ აბრკოლებს  ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივ მდინარებას.


თუმც ამის თაობაზე - ცალკე.


საქმოსნობა დაფასებული საქმიანობააო...


ოღონდ რამდენადაც სასარგებლო და აუცილებელია ბიზნესმენობა, იმდენად ამაზრზენია ლიტერატურული საქმოსნობა, სულიერების რღვევისათვის მოწოდებული, გარშემო ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებას რომ თესავს.


საქართველოს კულტურის (ძეგლთა დაცვაც რომ დავალებია) სამინისტროს რჩეული ავტორების სიის გაცნობა სხვა შთაბეჭდილებას არ დაგვიტოვებს:


საბჭოური ეპოქა აქ შენარჩუნებულია და საკმაოდ მტკიცედაც გამოიყურება.


შორს რომ აღარ გავყვეთ და მარტოოდენ იმ სიას ჩავავლოთ თვალი, იმ რჩეულ ხუთეულს, რომელთაც აგერ ახლა დაჰკისრებიათ დიდი მოვალეობა - წარადგინონ ქართული კულტურა ლონდონში, კვლავ გული შეგვეკუმშება.


ისე, ეს სია რომც არ გაგაცნოთ, თქვენითაც ივარაუდებთ, რაკიღა ამ ავტორებს ფეხქვეშ გაფენიათ ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთე, ყოვლად შეუსაბამო მათი ლიტერატურული უნარისათვის.


ამ  ხუთეულიდან ერთადერთს აკა მორჩილაძეს ვერ დავწამებთ უნიჭობას, მაგრამ პირველი წარმატებების შემდგომ თანდათან ტიპურ ლიტერატურულ საქმოსნად ჩამოყალიბდა და რომანებად შემოსაღებული მისი ბოლოდროინდელი ნაწერები სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის ძარცვა, გაღრმავება იმ ტენდენციებისა, რომლებიც ზადად და ნაკლად მოჰყვებოდა მის პირველ ცდებსაც, მაგრამ მაშინ თხრობის სიცინცხალე და სილაღე ერთგვარად ფარავდა ნაკლოვანებებს, ამჟამად ეს სიცინცხალეც და სილაღეც სადღაც რომ ჩაკარგულა და გულისგამაწვრილებელ ლოღნად ქცეულა.


ხოლო დანარჩენებთან - დატო ტურაშვილი იქნება, ლაშა ბუღაძე თუ ზურაბ ქარუმიძე - ისე გადახლართვია უნიჭობა ლიტერატურულ საქმოსნობას, შერწყმის ამ ჰარმონიულობით შესაძლოა აღტაცებულნც დავრჩენილიყავით, მეტად და მეტად საზიანო რომ არ იყოს ქართული მწერლობის პრესტიჟისათვის საერთაშორისო ასპარეზზე, თორემ ჩვენში უკვე შეგვაგუეს.


ამათ ნაწერთა წამკითხველს - თუკი შემთხვევით გამოუჩნდებოდა ვინმე ლონდონში - ქართველები ალბათ პაპუასებისაგან არ გავერჩევით!..


თამთა მელაშვილი, ეტყობა, გენდერული აუცილებლობით ჩართეს ამ ჯგუფში, ნიჭის ნასახს ნამდვილად რომ ვიპოვით მის ჟანრობრივად გაურკვეველ ნაწერში, მაგრამ საკითხავია, რა ნიშნით, რა დამსახურებით შეარჩიეს რჩეულთა მეხუთე წევრად მაინცდამაინც იგი და არა, ვთქვათ, მასზე ასი თავით მაღლა მდგომი ნაირა გელაშვილი და მაკა ჯოხაძე. აღარაფერს ვამბობ ათი და ხუთი თავით მაღლა მდგომებზე, საკმაოდ რომ მოგვეპოვებიან.


წინა მინისტრს მწერალი ერქვა, გურამ ოდიშარიას, და ჩხირი არ გადაუბრუნებია ჩვენი ლიტერატურის სასიკეთოდ (ეტყობა, მთელი ძალ-ღონე ძეგლთა დაცვას მოახმარა), და მწერლობისაგან შორს მდგომ კაცს, მიხეილ გიორგაძეს, ამ მხრივ, კიდევ უფრო ნაკლები (თუმც ეს „ნაკლები" რა არის, აღარც ვიცი!) მოეთხოვება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვით ასეთი მინისტრების მიღმა წყდება „ლიტერატურულ რჩეულთა" ბედი და უნიჭობის ის გაპარპაშება, ტიპურ საბჭოურ მწერალთა აჩრდილები შურით რომ შემოგვხედავენ, ჩვენ სად გვქონდა ასეთი დაფასება კომუნისტური პარტიისგანო!..


ვაი და ვაგლახ!..


ამ პუბლიკაციას რაც შეიძლება მოჰყვეს, წინასწარვე ვიცი და დიდი რამ ფუტუროლოგობა არა სჭირდება ამოცნობას: შემოხმიანება კულტურის სამინისტროდან და... შემოთავაზება „რჩეულთა" მომავალ ჯგუფებში ჩაწერისა.


ტყუილუბრალოდ ნუ გაირჯებიან და ტელეფონით დარეკვის ძალისხმევა ეგებ რაიმე სასარგებლო საქმეს მოახმარონ, სულ პატარას, ერთი ბეწოს, მაგრამ მათგან ესეც ხეირი იქნება.


ამათ საქმიანობის შემყურეს, 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა... ზმანება მგონია და, ღმერთმა ნუ ინებოს, მართლა ზმანება იყოს...


ჩვენი თანამედროვე ქართული ლიტერატურა დამცირებასა და აბუჩად აგდებას არ იმსახურებს, საბედნიეროდ, კვლავ გვყავს ისეთი მწერლები, ტოლ-სწორად რომ დადგებიან დასავლეთის (რომელთაც ასე ვებაძებით) შემოქმედთა გვერდით და... როდემდე შეიძლება, იყოს მინებებული ეს საქვეყნო პროცესი იმ ადამიანებს, რომელთაც, უპირველესად, ორი რამ სძულთ ამქვეყნად: მწერალი და წიგნი!..


ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, იქნებ მე მაინც გამიმხილო ამის პასუხი...

 

როსტომ ჩხეიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner